ბლოგი

10:32 | 16.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

საჩივარი

მიუხედავად იმისა, რომ ეს თქვენთან გამოგზავნილი ჩემი უკვე მეთორმეტე წერილია, აქედანვე გაფრთხილებთ, რომ არ ვაპირებ შევწყვიტო წერილების წერა იქამდე, სანამ ჩემს ქუჩაზე არსებული უმსგავსობა რა აღიკვეთება და იქამდე, სანამ დამნაშავეები სათანადოდ და სანიმუშოდ არ იქნებიან დასჯილნი.

მოგეხსენებათ რა, უკვე ორ წელიწადზე მეტია, თქვენ და თქვენს ქვემდგომ ორგანოებს მაქიმალურად ვაყენებ საქმის კურსში და დეტალურად აღვწერ, თუ რა ხდება ჩემი ბინის ქვემოთ მდებარე დაწესებულებაში, რომელსაც თითქოსდა უწყინარი სახელი “ლუდის ბარი” ჰქვია, რეალურად კი ეს გახლავთ ახალგაზრდების გარყვნისა და მათი სულების წაბილწვის ადგილი.

მას შემდეგ, რაც მტრულად განწყობილმა ელემენტებმა საბჭოთა კავშირს ძირი გამოუთხარეს, სამწუხაროდ, არსებობა შეწყვიტა საბჭოთა კავშირის პირველობამ ფეხბურთში და ამის შემდეგ ნაცვლად იმისა, რომ ქართველ ახალგაზრდებს ეროვნულ წიაღში გაეგრძელებინათ ბურთის გორება, მათ დაიწყეს ევროპული ფეხბურთის ცქერა, რომელიც რას ასწავლის მათ? რას ასწავლის და საშინელებებს!

ზოგიერთებს ალბათ ჰგონიათ, რომ ინგლისის, ანდა იტალიის ეროვნული პირველობები მხოლოდ ფეხბურთია და მეტი არაფერი?! ნურას უკაცრავად! ეს გახლავთ ახალგაზრდობის სული გარყვნის ერთ-ერთი მთავარი ფუძე. გინახავთ, როგორ ექცევიან ევროპელი, ან თუნდაც სამხრეთამერიკელი ფეხბურთელები მსაჯებს? როგორ უსწორდებიან მოწინააღმდეგებს და როგორ ყველაფერს კადრულობენ წარმატების მისაღწევად... ამ ღირებულებებზე გაზრდილი ახალგაზრდობა იქნება ორიენტირებული მხოლოდ მოხვეჭაზე, სხვათა დამცირებაზე და საკუთარი თავის გინდიდებაზე. და სადღაა მაშინ ჭეშმარიტი პატრიოტიზმის, ურთიერთგაგების და ადამიანობის ადგილი?!...

სწორედ ამიტომაც, დაბეჯითებით მოვითხოვ გაუქმდეს ჩემი ბინის ქვემოთ მდებარე ე.წ. ლუდის ბარი, საიდანაც ყოველ ღამე მესმის არამხოლოდ ფეხბურთის ქომაგთათვის ნაცნობი შეძახილები (ჩვენც ვიყავით ახალგაზრდები ბატონო და ჩვენც გვიგულშემატივრია. აბა რა გგონიათ თქვენ?!) არამედ ჩემთვის (და იმედია) თქვენთვისაც) სრულიად უცნობი და უცნაური სიტყვები, რომლებიც ჩემის ღრმა რწმენით, გახლავთ საქართველოში ესოდენ მოძალებული ინგლისური ენიდან დამკვიდრებული ანტიქართული ტერმინები, რასაც ჩემის აზრით ყველამ უნდა ვებრძოლოთ.

ბოლოს მინდა აუცილებლად დავსძინო ისიც, რომ სანამ საქართველო ე.წ. დამოუკიდებლობას მოიპოვებდა და სამუდამოდ ჩაუვარდებოდა კლანჭებში დასავლელ იმპერიალისტებს, მე ჩემი სურვილით, საზოგადოებრივ საწყისებზე ვთანამშრომლობდი სათანადო ორგანოებთან და ჩვენს ქუჩაზე არსებული არაერთი დარღვევა-გადაცდომის შესახებ მიცნობებია მილიციისათვის და არამხოლოდ მილიციისათვის. იმის გამო, რომ თქვენის მხრიდან ჩემს წერილებზე არ არის სათანდო რეაგირება, თუკი ეს წერილიც დარჩა თქვენი ყურადღების მიღმა, იძულებული გავხდები მივმართო თქვენს ზემდგომ ორგანოებს და იქნებ მათი და კანონის მოთხოვნით მაინც შევიტყო თქვენი დუმილისა და უგულებელყოფის მიზეზები.

დაზმირ ქუქუშვილი, ”საქქალაქგანმრეწვპროექტის” ყოფილი მმართველი, სპეც. პენსიონერი, კომუნისტური პარტიის წევრი 1951 წლიდან.

0.118227