ძიუდო

13:32 | 27.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოქროს მსაჯი გადაეფარა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულ ნაკრებს მსოფლიოს გუნდური ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ მეორედ მოგებამდე ერთი გამარჯვება დააკლდა. გია გუგავას გაწვრთნილი გუნდი მაიამიში გამართული მსოფლიო პირველობის ფინალში იაპონიასთან დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა. გადამწყვეტი გურამ თუშიშვილისა და იუსელ ოგავას დაპირისპირება გამოდგა. შეხვედრის ძირითადი დრო უილეთოდ დასრულდა. ოქროს დროში კი მსაჯის მიერ მიღებულმა საკამათო გადაწყვეტილებით ოგავამ იმარჯვა.

მსაჯმა თუშიშვილის მიერ შესრულებული გდება უყურადღებოდ დატოვა. სამაგიეროდ, იაპონელის ილეთზე იუკო დააფიქსირა და ოქროს ბედიც გადაწყვიტა 3:2 აზიელთა სასარგებლოდ.

საქართველოს ნაკრები ჩემპიონატზე პირველ ნომრად იყო განთესილი და საქმეში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც მოულოდნელად, უზბეკეთთან ბეწვის ხიდზე გაიარა. პირველი სამი შეხვედრის შემდეგ ქართული ხუთეული აგებდა (1:2) და ღვინიაშვილისა და თუშიშვილის გამარჯვებებით მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური. იქ ავსტრიას აჯობა.

ნახევარფინალში კი ქართულ-რუსული დაპირისპირება და მორიგი დაძაბული ბრძოლა ვიხილეთ. ფინალისტის ბედი კვლავ მეხუთე შეხვედრამ გადაწყვიტა – თუშიშვილმა ინდივიდუალური პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი მძიმეწონოსანი რუსლან შახბაზოვი საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე დასცა ბეჭებზე.

ბრინჯაოს მედლებს რუსეთისა და სამხრეთ კორეის ახალგაზრდული ნაკრებები დაეუფლნენ.

ვაჟების პარალელურად მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები გოგონებმაც გამოავლინეს. უძლიერესი გუნდის ტიტული იქაც იაპონიას ერგო. მეორე ადგილზე საფრანგეთი გავიდა, ხოლო მესამეზე – სამხრეთ კორეა და რუსეთი.

0.101595