კალათბურთი

2:34 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძის “უნიკსი” “რეალთან” ბოლო წამზე დამარცხდა

ვიქტორ სანიკიძის “უნიკსმა” ევროლიგაში დასანანი მარცხი განიცადა. ყაზანელებმა ევროპული კალათბურთის ერთ-ერთ გრანდ მადრიდის “რეალს” უმასპინძლეს და საფინალო სირენამდე წამით ადრე მიღებული ორქულიანის გამოისობით 75:76 წააგეს.

ქართველმა კალათბურთელმა ბოლო მეოთხედში შესანიშნავად ითამაშა და “უნიკსი“ რომ 68:63 დაწინაურდა, მისი დიდი დამსახურებაც გახლდათ. ყაზანელთა ამერიკელმა ლეგიონერმა ჯეიმს ვაიტმა საფინალო სირენამდე 7.7 წამით ადრე მასპინძლები 75:74 დაწინაურა, თუმცა, ბოლოს სერხიო ლიულმა ორქულიანი ჩააგდო და სტუმრებს გამარჯვება მოუტანა.

ქართველი ფორვარდი სასტრტოში არ ყოფილა. სანიკიძემ მოედანზე 17:39 წუთი გაატარა და 6 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 პასი მიითვალა. ვიქტორმა 3-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მარგი ქმედების კოეფიციენტით სანიკიძე ყაზანელთაგან მხოლოდ ამერიკელ კეიტ ლენგფორდს ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 29 წუთში 23 ქულა დააგროვა.

რაც შეეხებათ მადრიდელებს, გამორჩეულად შედეგიანი არავინ ყოფილა. “სამეფო კლუბმა” გუნდური კალათბურთი ითამაშა, ყველაზე მეტი ქულა რუდი ფერნანდესს და მექსიკელ გუსტავო აიონს ჰქონდათ – 10-10. 9-9 ქულა ჩააგდეს არგენტინელმა ანდრეს ნოჩიონიმ და ბერძენმა იანის ბურუსისმა.

“უნიკსს“ ევროლიგის პირველ ჯგუფურ ეტაპზე ორივე თამაში წაგებული აქვს, მომდევნო მატჩში კი, 30 ოქტომბერს, იტალიურ “დინამო სასარის” უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114666