ჭიდაობა

20:31 | 24.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭიდაობის სამყაროში შეთანხმების ყინული დაიძრა

იმდენად გაიწელა სააქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ირგვლივ შექმნილი პრობლემები, რომ ამ თემაზე საუბარიც კი მოსაბეზრებელი გახდა. აღნიშნული პრობლემების მოგვარების მიზნით 24 ოქტომბერს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბირო ოთახში ა(ა)იპ – საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2014 წლის 16 ოქტომბრის #01/970 ბრძანებით შექმნილი საზოგადოებრივი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს შემდეგი წევრები ესწრებოდნენ:

ლევან ყიფიანი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, საზედამხედველო საბჭოს თავმჯდომარე;

ლერი ხაბელოვი - საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ა(ა)იპ – საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, საზედამხედველო საბჭოს თანათავმჯდომარე;

რომან რურუა – ა(ა)იპ – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი, ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

გიორგი მაკასარაშვილი – ა(ა)იპ - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი, ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

მერაბ ღუდუშაური - ა(ა)იპ - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი, ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ვასილ ქარსელაძე - ა(ა)იპ - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი, ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

აღნიშნულ პირებთან ერთად სხდომაზე მიწვეულნი იყვნენ ლევან თედიაშვილი, ედიშერ მაჩაიძე, ბაკურ გოგიტიძე, დიმიტრი გელაშვილი და თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელები ნუგზარ სხირელი და მიხეილ სალაძე.

დღის წესრიგი:

თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდში საწვრთნელ პროცესთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გადაუდებელი გადაწყვეტილებების მიღებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

საბჭოს წევრებმა საქართველოს თავისუფალ და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ეროვნული ნაკრები გუნდების საწვრთნელ პროცესთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს. მსჯელობის პროცესში, შესაბამისად თავისუფალ და ბერძნულ რომაული სტილის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელებმა ნუგზარ სხირელმა და მიხეილ სალაძემ, დაკავებული თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთეს. აღნიშნული განცხადების გაკეთების შემდეგ, საზედამხედველო საბჭოს დამსწრე წევრებისა და მოწვეული პირების მიერ მიღწეული იქნა შეთანხმება ნაკრებ გუნდებში საწვრთნელო პროცესის აღდგენისა და შეუფერხებლად განხორციელებისათვის ა(ა)იპ – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ელდარ (ლუკა) კურტანიძეს მიეცეს რეკომენდაცია, რათა შესაბამისად საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად ზაზა თურმანიძე და რომან რურუა დაინიშნოს, აღნიშნულ პირებს მიეცეთ უფლება, რათა სამწვრთნელო შტაბის წევრები თავად შეარჩიონ, რომელთა დანიშვნაც შემდგომში ფედერაციის წესების დაცვით მოხდება.

გარდა ამისა, რურუას ორივე ნაკრები გუნდის საერთო კურატორობა დაეკისროს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ორივე ნაკრებ გუნდში საწვრთნელი პროცესი პარალიზებულია. ფედერაციის ხელმძღვანელობას მიეცეს რეკომენდაცია, საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ნაკრებმა გუნდებმა, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში გასამართ ევროპის თასის გათამაშებაში მონაწილეობა აღარ მიიღონ.

საზედამხედველო საბჭოს წევრებმა ზემოაღნიშნული შეთანხმების რეკომენდაციის სახით მიღებას მხარი ერთხმად დაუჭირეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული სხდომის ოქმი წარედგინოს ფედერაციის პრეზიდენტს, რომელმაც 2014 წლის 27 ოქტომბერს ზემოდ ნახსენებ რეკომენდაციებთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საბჭოს ინფორმაცია წარმოუდგინოს.

ამით სხდომამ მუშაობა დაასრულა. რადგან სხდომა მასმედიიდთვის დახურული იყო ზემოთ ნახსენები ინფორმაცია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა მოგვაწოდა.

სხდომის დასრულების შემდეგ მისმა რამდენიმე წევრმა მასმედიისთვის განცხადება გააკეთა:

ლერი ხაბელოვი: “მას შემდეგ, რაც კურტანიძის მიერ თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილის ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებად დანიშნულმა ნუგზარ სხირელმა და მიხეილ სალაძემ დაკავებულ თანამდებობებზე უარი თქვეს, მათ შემცვლელებად რეკომენდაცია ვეტერან მოჭიდავეებს რომან რურუასა და ზაზა თურმანიძეს გავუწიეთ”.

ლევან ყიფიანი: “საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ჭიდაობის ფედერაციის მუშაობაში არასოდეს ჩარეულა და არც ჩაერევა. დღევანდელ სხდომაზე მივიღეთ რამდენიმე რეკომენდაცია, რომელსაც საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია 25-27 ოქტომბერს განიხილავს და გადაწყვეტილებასაც მხოლოდ თვითონ, სხვათა ჩარევის გარეშე მიიღებს”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114468