ფეხბურთი

19:12 | 24.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბრძოლა არ შედგა

კახა გოგიჩაიშვილსა და კახა კაჭარავას თავის დროზე ერთად თბილისის “დინამოში” უთამაშიათ, მაგრამ მწვრთნელების რანგში ერთმანეთს არასოდეს დაპირისპირებიან. მათი პირველი დუელი ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-10 ტურში “დინამო არენაზე” შედგა და გოგიჩაიშვილის გამარჯვებით დასრულდა. ბევრი ელოდა, რომ მესამე ადგილზე მყოფი “სპარტაკი” “დინამოს” შეეწინაღმდეგებოდა, მაგრამ ბრძოლა არ შედგა.

განვლილ შეხვედრაში ისიც აღსანიშნავია, რომ 15-წლიანი შესვენების შემდეგ “დინამოს” ზურაბ ხიზანიშვილი დაუბრუნდა. მას თბილისელთა რიგებში ჰოლანდიელი სპეციალისტის იოჰან ბოსკამპის ხელმძღვანელობით 2-ჯერ უთამაშია და ერთი გოლი გაუტანია.

მატჩის პირველ წუთზე ანგარიშის გახსნა “სპარტაკს” შეეძლო, როდესაც ახლო მანძილიდან ლაშა შინდაგორიძემ დაარტყა და “დინამო” გოლის გაშვებისგან ომარ მიგინეიშვილმა ნახტომში იხსნა. “დინამოს” პირველი სახიფათო შეტევა გოლით დასრულდა – ესპანელმა ჩისკომ მარცხენა ფლანგიდან ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას გიორგი პაპუნაშვილმა დაასწრო და ერთი შეხებით გაიტანა.

“სპარტაკმა” თანაფარდობა ტაიმის შუაწელში მერაბ გიგაურის წყალობით აღადგინა, რომელმაც დაახლოებით 35 მეტრიდან დაარტყა და მიგინეიშვილის შეცდომის მერე, ბურთი თბილისელთა ბადეში აღმოჩნდა.

გოლის გაშვებიდან ერთ წუთში დინამოელებმა საჯარიმო შეასრულეს და ცხინვალელთა მცველმა ბურთი ცუდად მოიგერია, ხოლო კარის ახლოდან ლაშა თოთაძემ თავით დაარტყა და “სპარტაკი” გიორგი ნადირაძემ გადაარჩინა, რომელმაც საუცხოო რეაქცია გამოავლინა.

“დინამოს” თანაფარდობის აღსადგენად დიდი დრო არ დასჭირვებია. ჩისკო ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ, მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეჭრილმა დაარტყა და ნადირაძის მოგერიებულ ბურთს ლაშა პარუნაშვილმა დაამატა – 2:1.

თბილისელებს შეტევები არ შეუნელებიათ და საბა ლობჟანიძის კარგი პასის მერე, ჩისკო “სპარტაკის” კართან მარტო დარჩა, მაგრამ ნადირაძეს ბურთი თავს ზემოთ არაზუსტად გადაუგდო.

ტაიმის დასრულებამდე ბევრი დრო არ რჩებოდა, როცა ლობჟანიძემ მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ცენტრისკენ შეიწია და პასი ირაკლი ძარიას მისცა, რომელმაც მეტოქესთან ორთაბრძოლაში ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა.

მეორე ტაიმი მცირე ხნის დაწყებული იყო, რომ შინდაგორიძე მასპინძელთა საჯარიმო შეიჭრა და მისი დარტყმის შემდეგ, მიგინეიშვილმა ბურთი ხელებში მეორე ცდაზე დააფიქსირა.

მალევე პაპუნაშვილმა გაიბრწყინა, როდესაც ერთი მოძრაობით მცველს გასცდა და საჯარიმოს ფარგლებს გარედან “ცაციათი” ბურთი ნადირაძისგან მარჯვენა კუთხეში “ჩააჭედა”.

ხიზანიშვილი მოედანზე ერთი წუთის შესული იყო, რომ მასთან ორთაბრძოლის დროს “სპარტაკის” ფეხბურთელი “დინამოს” საჯარიმოში წაიქცა და ცხინვალელები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ ამაოდ.

განვლილ შეხვედრაში “დინამოს” რიგებში პირველი გოლი მათე ცინცაძე მიითვალა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა ძალიან ოსტატურად შეასრულა – 5:1. ამ ეპიზოდიდან მოკლე დროში, პაპუნაშვილმა “სპარტაკის” საჯარიმოში ძალიან ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა გიორგი ჩირგაძე, რომელმაც გოლის გატანის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.

“დინამოს” დაცვის შეცდომის მერე, ნიკა კაჭარავას ერთი ბურთი გაქვითვა შეეძლო, მაგრამ მიგინეიშვილისთვის გვერდის ავლის შემდეგ, ბურთი წინ გაექცა და საბოლოოდ მომენტი წესის დარღვევით დაასრულა.

ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთი რჩებოდა, რომ ჩირგაძე ორ მეტოქეს გასცდა და დაარტყა – ბურთი ზედა ძელს მოხვდა.

მატჩში წერტილი პაპუნაშვილმა დასვა, რომელმაც ცხინვალელთა საჯარიმოში “მარცხნიდან შეჭრილმა ლაშა შერგელაშვილის პასი გამოიყენა და “დინამოში” პირველი ჰეთ თრიქი შეასრულა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

კახა გოგიჩაიშვილი: “ჩვენთვის მნიშვნელოვანი თამაში იყო. “სპარტაკი” წლეულს კარგად ასპარეზობს, ლიდერთა შორისაა. ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა, ფეხბურთელებმა დავალებები შეასრულეს. “სპარტაკს” მომავალში წარმატებას ვუსურვებ”.

კახა კაჭარავა: “დინამომ” დამსახურებულად მოიგო. ყველა რგოლში გვაჯობა. ბევრი ფეხბურთელი უნდა დაფიქრდეს, რომ ფეხბურთის თამაში სიარულით არ შეიძლება, “დინამოს” მწვრთნელის ხელი ეტყობა და გუნდი წინ მიდის”.

დინამო (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 6:1 (3:1)

24 ოქტომბერი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა”.

დინამო: მიგინეიშვილი, კაკაბაძე, თოთაძე (ხიზანიშვილი, 58), ნიკა ჭანტურია, ცინცაძე, პაპუნაშვილი, პარუნაშვილი, საბა ლობჟანიძე (ჩირგაძე, 66), ძარია, შერგელაშვილი, ჩისკო (კ) (საბანაძე, 80).

მთავარი მწვრთნელი: კახი გოგიჩაიშვილი.

სპარტაკი: ნადირაძე, შინდაგორიძე (კემუხტაშვილი, 70), ივანიშვილი (ლექვთაძე, 55), მაისაშვილი, მახარობლიძე, ცერცვაძე, იოსელიანი, კაჭკაჭიშვილი, გიგაური, თექთურმანიძე (მაქაცარია, 60), ნიკა კაჭარავა.

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა.

გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (13), 1:1 გიგაური (25), 2:1 პარუნაშვილი (30), 3:1 ძარია (31), 4:1 პაპუნაშვილი (54), 5:1 ცინცაძე (74)

გაფრთხილებები: პაპუნაშვილი (43), მაისაშვილი (68), კაკაბაძე (77)

მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

1. დინამო (თბ) 10 7 2 1 21:7 23
2. სამტრედია 9 5 2 2 11:7 17
3. ცხინვალი 10 5 2 3 10:14 17
4. დილა 9 4 3 2 14:6 15
5. ტორპედი 9 3 5 1 10:7 14
6. მეტალურგი 9 3 4 2 11:9 13
7. ჩიხურა 9 4 1 4 10:10 13
8. დინამო (ბთ) 9 4 1 4 10:10 13
9. ვიტ ჯორჯია 10 3 2 5 9:9 11
10. მერანი 9 3 2 4 8:8 11
11. გურია 9 2 5 2 9:15 11
12. ზესტაფონი 9 2 4 3 18:13 10
13. ფოთი 9 2 3 4 9:13 9
14. ბოლნისი 10 2 3 5 9:15 9
15. შუქურა 9 1 5 3 7:14 8
16. ზუგდიდი 9 0 4 5 4:13 4

მეგოლეები:

6 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ჯაბა დვალი (ზესტაფონი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

4- შოთა ლომია (ზუგდიდი)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი ძარია, ნიკოლოზ საბანაძე, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი), კობა შალამბერიძე (გურია)

შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112794