ფეხბურთი

18:04 | 24.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მე-10 ტურის საყაიმო სტარტი

ეროვნული ჩემპინატის მე-10 ტურის პირველი მატჩი გაიმართა გორში "თენგიზ ბურჯანაძეზე", სადაც ერთმანეთს, ბოლნისის "სიონი" და თბილისის "ვიტ ჯორჯია" დაუპირისპირდნენ.

მატჩში პირველი სახიფათო მომენტი “ვიტ ჯორჯიას” კართან შეიქმნა, მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მკერდზე კარისკენ ზურგით მდგარმა დავით სირაძემ მიიღო და მაკრატელა დარტყმით კარისკენ გადაგზავნა, თუმცა უშედეგოდ. რამდენიმე წუთშივე გოლის გატანა გიორგი ფოფხაძეს შეეძლო - ბოლნისელმა “რიკოშეტის” შედეგად მიღებული ბურთი არაზუსტად დაარტყა.

მე-20 წუთზე ვანო კურდღელაშვილი საჯარიმოში შეიჭრა, ცენტრალურ ადგილას მდგომი ელგუჯა ლობჟანიძე უმალვე მოძებნა, თუმცა გამოკვეთილი ფორვარდის დარტყმული ბურთი ზურაბ ბათიაშვილმა მოიგერია, საჯარიმოს გარედან კი მათე კვირკვიამ ხელსაყრელი სიტუაცია ვერ გამოიყენა. მალევე, კურდღელაშვილმა კონტრშეტევა წამოიწყო, ერთი პასით ორი ფეხბურთელი მოიტოვა და მეკარესთან პირისპირ მათე კვირკვია დარჩა, თუმცა მან კვლავ არაზუსტად დაარტყა.

30-ე წუთზე ნომინალური სტუმრები გატანილი გოლისგან ძელმა იხსნა - საჯარიმოსთან ახლოს მარცხენა ფლანგზე ფოფხაძემ ბურთი გიორგი გაფრინდაშვილისგან მიიღო, კარისკენ ძლიერად დაარტყა, თუმცა ძელმა ჯონი შეროზიას კარი იხსნა.

პირველ ტაიმში სახიფათო მომენტები ორივე გუნდის ფეხბურთელებს ჰქონდათ, თუმცა გადამწყვეტ ეპიზოდებში მოთამაშეებს ანგარიშის გასახსნელად მეტი აგრესიულობა მართებდათ. გამოსარჩევი ფეხბურთელი კი მათე კვირკვია გახლდათ, რომელიც ბევრს აქტიურობდა და იერიშებზეც ხშირად მიდიოდა.

მეორე ტაიმი ვეტერინარებმა აქტიურად დაიწყეს და ლევან საბაძის მიერ დარტყმული ბათიაშვილის კარის ბადეს გარედან მოხვდა. 64-ე წუთზე ვალიკო გახარიამ შორეული გადაცემით ირაკლი ღიბრაძე მარცხენა ფლანგზე საჯარიმოსთან ახლოს დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, თუმცა ამ უკანასკნელს სიზუსტემ უმტყუნა. ორიოდე წუთში ამჯერად ღიბრაძე გახდა გადაცემის ავტორი და დასარტყმელ პოზიციაზე კვირკვია გავიდა, თუმცა ბათიაშვილი მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ.

83-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა თორნიკე აფციაურმა საჯარიმო დარტყმა შეტევის მარჯვენა ფლანგიდან შეასრულა და სრულიად უწყინარ სიტუაციაში მცველების და მეკარის გაუგებრობის გამო, ბურთმა მიმართულება “რიკოშეტით” იცვალა და კარისკენ წავიდა, თუმცა მცველებმა სახიფათო ეპიზოდი გაანეიტრალეს.

საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-10 ტურის პირველ მატჩში უგოლო ფრე 0:0 დაფიქსირდა. მომდევნო ტურში "ვიტ ჯორჯია" შინ "მცხეთა პარკზე" "ზესტაფონს" მიიღებს, ხოლო "სიონი" სტუმრად ბოლო დროს კარგად ათამაშებულ ცხინვალის "სპარტაკს" გაეჯიბრება.

24 ოქტომბერი. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე".

სიონი (ბოლნისი) - ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:0 (0:0)

სიონი: ზურაბ ბათიაშვილი, დავით სვანაძე, გივი კვარაცხელია, ფელიპე ლიმა ლოპესი (ირაკლი სამხარაძე 70), ილია კანდელაკი, ალექსანდრე გოგობერიშვილი, გიორგი ცხადაია, გიორგი ფოფხაძე (ზვიად ლობჯანიძე 53), გიორგი გაფრინდაშვილი, ჯაბა უგულავა (თორნიკე აფციაური 59), დავით სირაძე.

მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

ვიტ ჯორჯია: ჯონი შეროზია, ლევან საბაძე, გიორგი კალანდია, გიორგი გეთიაშვილი, ნიკოლოზ მაისურაძე, შოთა დავლაშელიძე, ვალიკო გახარია (ერეკლე ხვისტანი 86), ირაკლი ღიბრაძე, ვანო კურდღელაშვილი, ელგუჯა ლობჯანიძე (ლევან კუხალეიშვილი 64), მათე კვირკვია (კახა კახაბრიშვილი 90).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე

გაფრთხილება: ვანო კურდღელაშვილი (71), ირაკლი სამხარაძე (87), დავით სირაძე (89).

მთავარი მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი

1. დინამო (თბ) 9 6 2 1 15:6 20
2. სამტრედია 9 5 2 2 11:7 17
3. ცხინვალი 9 5 2 2 9:8 17
4. დილა 9 4 3 2 14:6 15
5. ტორპედო 9 3 5 1 10:7 14
6. მეტალურგი 9 3 4 2 11:9 13
7. ჩიხურა 9 4 1 4 10:10 13
8. დინამო (ბთ) 9 4 1 4 10:10 13
9. ვიტ ჯორჯია 10 3 2 5 9:9 11
10. მერანი 9 3 2 4 8:8 11
11. გურია 9 2 5 2 9:15 11
12. ზესტაფონი 9 2 4 3 18:13 10
13. ფოთი 9 2 3 4 9:13 9
14. ბოლნისი 10 2 3 5 9:15 9
15. შუქურა 9 1 5 3 7:14 8
16. ზუგდიდი 9 0 4 5 4:13 4

მეგოლეები:

6 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ჯაბა დვალი (ზესტაფონი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო)

4- შოთა ლომია (ზუგდიდი)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი), კობა შალამბერიძე (გურია)

შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.398765