კალათბურთი

14:20 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ინტერვიუ არგენტინელ  ილუზიონისტთან

ერთდროულად ძალიან რთულია და მარტივია იყო ემანუელ ჯინობილი. არგენტინელი ყველაფერს ფილიგრანული სიზუსტით და ელეგანტურად აკეთებს. ჯინობილი იყო ჯადოქარი იტალიაში, სადაც ეტორე მესინას მწვრთნელობით იგებდა გუნდურ და ინდივიდუალურ ტიტულებს. ჯინობილი არის განსაკუთრებული „სან ანტონიოში“ და გრეგ პოპოვიჩი მას ენდობა.

მანუმ დაკარგა სისწრაფე, მაგრამ მანუ ისევ ჯინობილია. მანუმ დაკარგა ერთი, ან მეტი ნაბიჯი და ის ინტელექტით იგებს ყველა დაპირისპირებას. ჯინობილიმ შარშან სუპერფინალი ჩააგდო, მაგრამ დაბრუნდა „სან ანტონიოსთან“ ერთად. ჯინობილიმ „მაიამის“ პრობლემა მოაგვარა. პრობლემა, რომელიც მოსაგვარებელი იყო. მანუმ მეოთხედ მოიგო „სპერზთან“ ერთად დიდი ფინალი. ჯინობილი ლეგენდაა. ალბათ, მანუს უკვე აქვს მიღებული „დიდების დარბაზის“ ვიზა და ჯინობილი იქ უნდა იყოს. იქ მხოლოდ გამორჩეულები ხვდებიან.

„სან ანტონიოს“ ღია ვარჯიშზე ჯინობილი სათადარიგოებთან ერთად ვარჯიშობდა. ძირითადი ჯგუფი (ტიმ დანკანი, კავაი ლეონარდი, ტონი პარკერი, მეტ ბონერი, ბორის დიაო, მარკო ბელინელი) პოპოვიჩის ასისტენტებთან, იკე დიოგუსთან და შონ მარქსთან ერთად იღლებოდა და ჯინობილი მეორე შემადგენლობაში იყო. როგორც რეგულარულში, როდესაც არგენტინელი არაა სასტარტოში და ლიდერის ნდობას და წუთებს იღებს. მანუსთვის ეს უკვე რუტინაა.

ჯინობილიმ მიიღო ნიშანი გრეგისგან და ჟურნალისტებისკენ დაიძრა. იწყება საუბარი არგენტინელ ჯადოქართან, რომელსაც პოზიტივის ტალღები მოაქვს.

-როგორი გრძნობაა იყო ისევ ჩემპიონი?

-არაჩვეულებრივი, და ალბათ, ამ კითხვაზე ყველა თავმოყვარე სპორტსმენი იგივე პასუხს გაგცემთ. ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი უტიტულო დრო, 6-7 წელი და შარშან ვერ გამოვიყენეთ იდეალური შანსი, რომელიც ნებისმიერ გუნდს ძალიან იშვიათად ეძლევა.

-მანუ, გვეთანხმებით, თუ არა, რომ ამჟამად ესაა საუკეთესო შემადგენლობა „სპერზის“ ისტორიაში ტიტულის დასაცავად?

-ვერ გეტყვით, ამას დრო გვიჩვენებს.“ სან ანტონიოს“ ყოველთვის განსაკუთრებული გუნდი ჰყავდა. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მოტივაცია. თუ საკუთარი თავის მიმართ უფრო მკაცრი მოთხოვნები გვექნება, ტიტულის შენარჩუნება რეალური იქნება. მოტივაცია და ჯანმრთელობა, აი, ორი მთავარი ფაქტორი, რაც ჩემპიონობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.

-და არის კიდევ ერთი ფაქტორი, „სან ანტონიოს“ ჰყავს ჯინობილი და დანკანი...

-დიახ, 75 წლის დუეტი (ტიმ დანკანის და მანუ ჯინობილის ჯამური ასაკი, ავტ.), რომელსაც მწვრთნელი უფრთხილდება. „მანუ არ გაიქცე აქ, ტიმ არ გააკეთო ეს“ - მწვრთნელი პოპოვიჩი მომთხოვნი და მზრუნველია. „სან ანტონიო“ მისთვის ოჯახივითაა. ესაა გუნდი ლტოლვით და ძალიან დიდი გულით.

-არ დაშალოთ ტიმის და მანუს დუეტი, ეს ძალიან ბევრს ატკენს გულს!

-ვეცდებით.

-კიდევ 7-8 სეზონით იქნებ ეცადოთ?!

-7-8 სეზონი არარეალურია, მაგრამ წელს მაქსიმუმს გავაკეთებთ. შეხედეთ ტიმს, შემხედეთ მე. ჩვენ და მწვრთნელი პოპოვიჩი თითქმის ერთი თაობის წარმომადგენლები ვართ.

მანუმ გადახედა ჟურნალისტებს. კითხვების ტალღა შეწყდა და ის სწრაფად გაიქცა თანაგუნდელებთან, რათა კაილ ანდერსონის წინააღმდეგობის მიუხედევად ჩაეგდო, დანკანისთვის კიდევ ერთი მეგობრული შენიშვნა მიეცა, გაეშალა თავისი ქარიზმა. ჯინობილი პოზიტივს ასხივებდა და პოპოვიჩმა ფასდაუდებელი საჩუქარი გაგვიკეთა. რამდენიმე წუთი გავატარეთ არგენტინელთან, რომელიც ამ სეზონის შემდეგ, ტიმ დანკანთან ერთად კარიერის დასრულებას აპირებს.

ეს იყო მანუ ჯინობილი.

ეკა ლოლუა სპეციალურად worldsport.ge-სთვის სტამბოლიდან

0.103755