სხვა

23:10 | 22.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა ქართველი მოკრივეები მეოთხედფინალში გავიდნენ

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარეობს 19 წლამდე მოკრივეთა ევროპის პირველობა, სადაც საპრიზო ადგილებისთვის 41 ქვეყნის 233 წარმომადგენელი იბრძვის.

ევროპის ჩემპიონატზე მედლებისათვის ბრძოლაში ჩაება 6 ქართველი მოკრივე, რომელთაგან 3-მა მეოთხედფინალში მოახერხა გასვლა, 3 მათგანი კი ადრეულ ეტაპზე დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიდან პირველი რინგზე ლაშა გურული (60 კგ), გავიდა, რომელმაც სტარტზე მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოუგო ჟუსტინ ჯოვანი კრემერს (ჰოლანდია). მეორე წრეში მან უნგრელი რიჩარდ კოვაჩი ჩამოიშორა გზიდან - 3:0 და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც ლუკაშ დეკუშს (ჩეხეთი) შეხვდება.

მეოთხედფინალში იკრივებენ ახალქალაქელი გაგიკ პოზოიანი (52 კგ.) და გიორგი ხარაბაძე (69 კგ). პაზოიანმა პირველ წრეში დაისვენა, მეორეში კი ალბანელ კრენალ ზენელის აჯობა და ნახევარფინალში გასასვლელად აზერბაიჯანელ მასუდ იუსიფზადეს შეხვდება.

69 კილოში გიორგი ხარაბაძემ უნგრელი ბერნარდ ბარშონის დამარცხების შემდეგ შვედი ოლივერ ფლოდინს აჯობა და მეოთხედფინალში რაჯაბ რაჯაბოვს (რუსეთი) დაუპირისპირდება.

ჩემპიონატს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ უჩა მაისურაძე (56 კგ.), ნუკრი ადამია (64 კგ.) და რატი ტლაშაძე (75 კგ).

ისიც ვთქვათ, რომ მეოთხედფინალში წარმატების შემთხვევაში, ქართველი მოკრივეები ბრინჯაოს მედლებს გაინაღდებენ.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.122177