ფეხბურთი

16:20 | 22.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

პაველ ნედვედი: “2 საჩემპიონო ტიტული უსამართლოდ ჩამომართვეს”

ტურინის “იუვენტუსის” დირექტორთა საბჭოს წევრ პაველ ნედვედს გულშემატკივართა წინაშე ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება. ჩეხეთის ნაკრებში, პრაღის “სპარტაში”, რომის “ლაციოსა” და “იუვენტუსის” რიგებში გამოსვლისას მან ქომაგთა სიყვარული და უამრავი ტიტული მოიპოვა. 2012 წელს კი ნედვედმა მძლეოსნობაში სცადა ბედი და პრაღის მარათონში მიიღო მონაწილეობა. პაველმა 42 კილომეტრი 3 საათსა და 50 წუთში დაფარა. მართალია, პრიზიორთა შორის ვერ მოხვდა, თუმცა, ამ დისტანციის გარბენა ნებისმიერი სტაიერისთვის საპატიოა.

- ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ ყველაზე მეტად რა გენატრებათ?

- გასახდელის ატმოსფერო - დაღლილობის გრძნობა და ბიჭების ხუმრობა.

- როდის გადაწყვიტეთ ფეხბურთიდან წასვლა?

- 2006 წელს “იუვენტუსი” სერია B-ში დააქვეითეს, მე კი დავიფიცე, “ბებერ სინიორას” მწვერვალზე რომ დავაბრუნებდი. სიტყვა დიდწილად შევასრულე კიდეც. უძლიერესთა რიგებში დაბრუნების პირველსავე სეზონში “იუვემ” მესამე საფეხურზე დაასრულა ჩემპიონატი, მომდევნო წელს კი ვიცე-ჩემპიონები გავხდით. “კალჩოპოლის” სკანდალის შემდეგ ბევრმა წამყვანმა მოთამაშემ დაგვტოვა, გუნდში დარჩენილებმა კი დიდძალი ენერგია შევალიეთ მოწინავე პოზიციაზე დაბრუნების საქმეს. სულ უფრო და უფრო მიჭირდა რთული მატჩებისთვის მზადყოფნაში შეხვედრა. იმ დროისთვის 37 წელი შემისრულდა. მართალია, “იუვენტუსს” საჩემპიონო ამბიცია ჰქონდა, მაგრამ მივხვდი, რომ ძველებურად ვეღარ ვითამაშებდი და გუნდს სათანადო დახმარებასაც ვეღარ გავუწევდი. “იუვეს” ახალი სისხლის გადასხმა ესაჭიროებოდა. ვხვდებოდი, “ბიანკონერის” პროექტის ნაწილად ყოფნა აღარ შემეძლო, ამიტომაც წერტილის დასმა განვიზრახე. ჩემი პირადი აგენტი რაიოლა მარწმუნებდა, რომ კიდევ გარკვეული პერიოდი ძველებურად შემწევდა თამაშის უნარი, იმასაც მეუბნებოდა, რამდენიმე კლუბისგან ხელსაყრელი წინადადება რომ მქონდა, მაგრამ მე საკუთარ თავს სხვა გუნდის მაისურით მოასპარეზეს ვეღარ შევეგუებოდი.

- “იუვენტუსის” საკლუბო ოფისში საკუთარი კაბინეტი თუ გაქვთ?

- არა. როდესაც ანდრეა ანიელი მიდის, მის ოთახში შევდივარ და საპრეზიდენტო სავარძელში ვჯდები. პირადი ოთახი კი არ მჭირდება - ოფისსა და მინდორს შორის “გაბმულს” უკეთესად ვახერხებ კლუბის მართვას.

- ფეხბურთელის ამოცანა უფრო რთულია თუ ხელმძღვანელის?

- ხელმძღვანელის. მოთამაშე მეომარივითაა - მას რბენა, ბრძოლა, კვება და ძილი ევალება, ხელმძღვანელი კი დღე და ღამე ფიქრშია გართული და პასუხისმგებლობაც მეტი აკისრია.

- მოდით წარსული გავიხსენოთ და თქვენთვის მტკივნეულ თემას, “კალჩოპოლის” მივუბრუნდეთ. რა გრძნობა გეუფლებათ, როცა 8 წლის წინანდელ ამბებს იხსენებთ?

- თავი არასდროს დამიზოგავს და ვერ წარმოიდგენთ, რა ტიტანური შრომის ფასად დამიჯდა თითოეული სკუდეტო, ჩინოვნიკები კი ადგნენ და 2 საჩემპიონო ტიტული უსამართლოდ ჩამომართვეს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა გრძნობა დაგეუფლებათ კუთვნილს და შრომით დამსახურებულს რომ წაგართმევენ!

- თქვენი “ოქროს ბურთი” სადაა?

- ...მე მგონი, რომელიღაც ბანკში. მითხრეს, რომ ჩემი ჯილდოები “იუვენტუსის” მიერ მოპოვებულ პრიზებთან ერთად უნდა ინახებოდეს. არ მჩვევია, მიღწეულით ტკბობა და დამსახურებული თასების დათვალიერება - მე მხოლოდ წინ ვიყურები.

- თქვენ ავტობიოგრაფიულ წიგნს “ჩემი ჩვეულებრივი ცხოვრება” ჰქვია. “ჩვეულებრიობა” - თქვენი წარმატების მთავარი საიდუმლოა?

- მამა მეუბნებოდა, რომ ისეთივე ადამიანი ვარ, როგორიც სხვები, მხოლოდ კვირაობით 90 წუთი ბურთს დასდევო. იგი მართალი გახლდათ.

- პაველ ნედვედი როდესმე თუ დამთვრალა?

- რასაკვირველია. მომქანცველი სეზონის შემდეგ პირველი რასაც ვაკეთებდი, კარგად “გამოვიბრუჟებოდი” ხოლმე.

- რას აკეთებთ, სხვებისთვის მისაბაძ ადამიანად რომ იქცეთ?

- თუკი ჩემი თავაზიანობა, მუშაობის კულტურა მომავალი თაობებისთვის გასათვალისწინებელი გახდება, ამას რა აჯობებს, თუმცა, არ მომწონს სიტყვა “მისაბაძი” - ნებისმიერ ადამიანს ცხოვრების თავისი განუმეორებელი სტილი და გზა აქვს.

- ისეთი რამ თუ გაგიკეთებიათ, რომლის შესრულებასაც ადრეულ ასაკში ვერ წარმოიდგენდით?

- არ მეგონა, როდესმე წიგნის ავტორი თუ გავხდებოდი.

0.103211