ფეხბურთი

15:30 | 22.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ილია კოკაია: “ჯერჯერობით ჩემს გარდა “ზესტაფონს” პატრონი არ ჰყავს”

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეზიდენტის ილია კოკაიას აზრით, უკრაინული “პრივატბანკის” მიერ იმერელთა სპონსორობა ქართულ ფეხბურთს გაჭირვების დროს წაადგება.

ამის შესახებ მან, 22 ოქტომბერს, ზესტაფონელთა ოფისში “ზესტაფონსა” და “პრივატბანკს” შორის ხელშეკრულების გაფორმების დროს განაცხადა. კოკაია უშუალოდ ღონისძიებას დაესწრო, ხოლო კონტრაქტს ხელი “ზესტაფონის” გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა და საქართველოში “პრივატბანკის” აღმასრულებელმა დირექტორმა იური კანდაუროვმა მოაწერეს.

ილია კოკაია: “ადრეც დაანონსებული იყო, რომ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” სპონსორად “პრივატბანკი” გამოუჩნდა. სასიამოვნოა, რომ ეს ბანკი ქართულ ფეხბურთს გაჭირვების დროს გვერდით დაუდგება, თორემ ჩვენს კლუბს არაფერი უჭირს”.

-რა სახის თანამშრომლობაზეა საუბარი?

- კონტრაქტში დიდი პირობები არაა ჩადებული. “პრივატბანკი” გარკვეულ თანხას გადაიხდის, ხოლო ჩვენ რეკლამას გავუწევთ ეროვნულ ჩემპიონატსა თუ ევროთასებზე.

- “ზესტაფონის” ერთადერთ დამფინანსებლად კვლავ თქვენ რჩებით?

- სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩემს გარდა “ზესტაფონს” პატრონი არ ჰყავს. თუ ვინმე გამოჩნდება, თანმდებობას სიამოვნებით დავთმობ. არავის ვაკრიტიკებ, მაგრამ ფეხბურთი რომ ძლიერი იყოს, სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება. სახელმწიფოს ფეხბურთით დაინტერესება ჯერ ვერ მოვახერხეთ. პრესას ვეცნობი და უკვე გამოჩნდა კომენტარები, რომ რატომ უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ ფეხბურთი და არა რაგბი. ჩვენთვის ეს შეურაცხმყოფელია და სილის გაწნას ჰგავს. მთელი ცხოვრებაა ქართულ ფეხბურთში ვარ და ვერ წარმომიდგენია, რომ პოპულარობით საქართველოში სპორტის სხვა სახეობამ ფეხბურთს აჯობოს. თუმცა, რაგბს არაფერს ვერჩი.

იური კანდაუროვი: “ჩვენ დიდი ხანია პარტნიორები ვართ. გვინდა “ზესტაფონს” მხარი დავუჭიროთ. ჩვენი ამჟამინდელი პარტნიორები წარსულში “პრივატბანკის” თანააქციონერები იყვნენ. ამასთანავე, ზესტაფონში შვილობილი კომპანია გვაქვს (“ფეროშენადნობთა” ქარხანა, რედ.). “ზესტაფონსა” და “დნიპროს” დიდი ხანია მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ (“პრივატბანკი” “დნიპროს” მთავარი სპონსორია, რედ.).

- მომავალში თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივა არის?

- პერსპექტივა ყოველთვისაა.

-“ზესტაფონის” უახლოეს თამაშზე დასწრებას ხომ არ აპირებთ?

- საშუალება თუ მექნება გუნდის თამაშს დავესწრები.

მიხეილ ხუციშვილი: “პრივატბანკთან” წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ და კმაყოფილი ვართ. ახლა ჩვენი ურთიერთობა სხვა ფაზაში გადავიდა და ბანკი კლუბის ოფიციალური სპონსორი გახდა. ერთწლიანი კონტრაქტი დავდეთ და ვფიქრობ, ეს ქართულ ფეხბურთს წაადგება”.

- კიდევ ხომ არაა მოსალოდნელი სხვა სპონსორების მოძიება?

- ამ საკითხზე ვმუშაობთ. ტექნიკური სპონსორის მოძიება გვინდა.

0.139335