ჩოგბურთი

14:38 | 21.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართულ ჩოგბურთში ახალი ვარსკვლავი გაჩნდა 

ჩოგბურთში არც თუ ისე ხშირად ვართ საამაყო გამარჯვებების მომსწრე. ბოლო დროს, სპორტის სამყაროში ბევრი საუბრობს, რომ საქართველოში ახალი ვარსკვლავი გაჩნდა. ესაა პატარა გოგონა დიდი შესაძლებლობებით, მონდომებით, მიზნებით და პერსპექტივით. ეს გოგონა 13 წლის ჩოგბურთელი ანი შანიძეა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მონაწილეობა მიიღო კვიპროსზე გამართულ საერთაშორისო საჩოგბურთო გუნდურ ტურნირზე, სადაც საქართველოს გუნდმა თურქეთის ჩოგბურთელთა გუნდს სძლია და საქართველოში თასით დაბრუნდა. ტურნირზე ანი საქართველოს ნაკრების პირველ ნომრად თამაშობდა.

-ანი რამდენად მნიშვნელოვანი იყო კვიპროსზე ჩატარებული ტურნირი? რამდენი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას?

-ტურნირში მონაწილეობას ევროპის რვა ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდა ჩოგბურთელები იღებდნენ. თითოეული ქვეყნის ნაკრები გუნდი წარმოდგენილი იყო 3-3 საუკეთესო მოთამაშით. საქართველოდან მე, მარიამ დალაქიშვილი და ლანა კენჭიაშვილი ვასპარეზობდით. ეს მნიშვნელოვანი ტურნირი იყო, რისთვისაც განსაკუთრებით ვემზადებოდი.

-რომელი ქვეყნის გუნდებთან მოგიწია შეხვედრა?

-ტურნირზე პირველ ნომრად ვიასპარეზე, შესაბამისად სხვა ქვეყნების პირველ ნომრებთან მომიწია შეხვედრა. პირველ წრეში მოლდოვეთის გუნდს დავუპირისპირდით, შევძელი დამემარცხებინა მოლდოვეთის ნომერ 1 ჩოგბურთელი, შემდეგ შეხვედრაზე კვიპროსის ნომერ 1 ჩოგბურთელი დავამარცხე და ფინალში გადავედით. ფინალში თურქეთის პირველ ჩოგანთან მომიწია შეხვედრა. ვერ გეტყვით რომ ადვილი იყო, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რათა გადამწყვეტი ქულა მომეპოვებინა.

-ალბათ ბევრი ვარჯიში გიწევს ასეთი შედეგის მისაღებად.

-რა თქმა უნდა, ბევრს ვვარჯიშობ. მინდა მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო ჩემს სპონსორს - კომპანია „რომპეტროლს“, რომელიც ყოველთვიურ სტიპენდიას მიხდის, ამ ორგანიზაციის მხარდაჭერა დამატებითი სტიმულია ჩემთვის.

-რამდენი წლის იყავი, როდესაც ჩოგბურთზე დაიწყე სიარული?

-6 წლის ვიყავი, როდესაც მამამ ჩოგბურთზე მიმიყვანა, მას შემდეგ ვვარჯიშობ. ჩემი ყველაზე საყვარელი და მისაბაძი ჩოგბურთელია მსოფლიოს პირველი ჩოგანი - ნოვაკ ჯოკოვიჩი. მინდა, რომ ოდესმე პირადად გავიცნო. ასევე მინდა ვიასპარეზო ცნობილ ჩოგბურთელ სერენა უილიამსთან.

-რა არის შენთვის ჩოგბურთი?

-ჩოგბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილია, არაფერს დავიშურებ რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგანის სტატუსს მივაღწიო.

როგორც 13 წლის ჩოგბურთელის პირადი მწვრთნელი აცხადებს, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ანის კიდევ ორი მნიშვნელოვანი ტურნირი ელის. ანი საუკეთესო ფორმაშია და გამარჯვებით კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს.

თეგებიანი შანიძე
0.11725