ფეხბურთი

19:17 | 20.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილი: ”დინამო” ჩემი ოჯახი იყო, არის და იქნება...

ქართველი ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი წლების განმავლობაში იცავდა თბილისის ”დინამოს” ღირსებას, დღეს კი ბერძნული ”ოფის” რიგებში ირიცხება გიორგი ლორიასთან ერთად. ”ოფის” ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ჯენარო გატუზო ხელმძღვანელობს. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მერებაშვილმა ახალ გუნდში სადებიუტო მატჩში, სტუმრად ”პანათინაიკოსთან” 21-ე წუთზე ულამაზესი გოლით ანგარიში გახსნა. ახალ კლუბზე, ”დინამოზე” და მომავალ გეგმებზე სასაუბროდ გიორგი მერებაშვილს ”მსოფლიო სპორტი” საბერძნეთში დაუკავშირდა.

- გიორგი უპირველესად წარმატებულ დებიუტს გილოცავთ. რა დონის გუნდია ოფიდა რა მიზნები აქვს?

- გმადლობთ, სასიხარულოა, რომ თამაშმა კარგად ჩაიარა და გამარჯვებაც მოვახერხეთ. რაც შეეხება ”ოფის”, ნორმალური გუნდია, ფაქტობრივად ახალი შეკრებილი გუნდია, ბევრი ლეგიონერია. შეიძლება ძალიან ბევრი ძლიერი ფეხბურთელი და ვარსკვლავი გყავდეს გუნდში, მაგრამ თუ კარგი ატმოსფერო და კარგი ურთიერთობა არ არის, გამორიცხულია რამე შედეგს მიაღწიო. ეს ყველაფერი საბედნიეროდ არის ჩვენს გუნდში. ამის მთავარი მიზეზი კი ჯენარო გატუზოა, რომელიც ძალიან კარგი პიროვნებაა და სწორედ ის ქმნის ამ ატმოსფეროს.

რაც შეეხება მიზანს, ”ოფი” უფრო სატრამპლინო გუნდია, მაგალითად კვირას „პანათინაიკოსის“ რიგებში თამაშობდა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც შარშან ”ოფიში” ასპარეზობდა. ანუ გუნდს არ თხოვენ კონკრეტულ შედეგს, გინდა თუ არა ამას უნდა მივაღწიოთ, თუმცა რა თქმა უნდა უარს არავინ იტყვის წარმატებაზე და შედეგის მიღწევაზე. მაინც, კლუბის მთავარი მიზანი ისაა, რომ ფეხბურთელები იყიდონ იაფად და მერე სხვა კარგ გუნდებში გაუშვან.

- თბილისისდინამოზერას იტყვი? საკმაოდ იდხანს თამაშობდიდინამოში”...

- საერთოდ, გული არ დამწყვეტია იმაზე, რომ გუნდმა შეცვალა გზა - გაახალგაზრდავება რომ გადაწყვიტა. ვთქვათ, ანუ გადაწყვიტა ის, რომ გუნდიდან გავეშვი და აღარ ვიყავი ”დინამოსთვის” საჭირო ფეხბურთელი, მაგაზე ნადვილად არ დამწყვეტია გული, იქიდან გამომდინარე, რომ ფეხბურთში ხშირად ხდება ცვლილებები და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. უბრალოდ, მე იმაზე ვარ გულდაწყვეტილი, რომ შეიძლება ფეხბურთელი ერთი დღის მოყვანილი გყავდეს და მეორე დღეს გაუშვა, მაგრამ ამდენი ხანი როცა ერთი ოჯახივითაა გუნდი და ისე უშვებ ფეხბურთელს, რომ არც შეხვდები და არც წარმატებებს უსურვებ, არაა მოსაწონი. მითუმეტეს, როცა ფეხბურთელი შენი აკადემიის აღზრდილია და შენი გუნდის ღირსებას იცავს 12 წელი, ამ სიტყვის გამოყენება არ მინდა, მაგრამ ფაქტობრივად გუნდიდან გამომაგდეს.. თუმცა მიuხედავად ამისა, ”დინამო” ჩემი ოჯახი იყო, არის და იქნება ყოველთვის, იმიტომ რომ ”დინამო” არასდროს არ შემოიფარგლება კონკრეტული ადამიანებისგან, ”დინამო” ხალხის გუნდი იყო და სულ იქნება.

- საინტერესოა შენი აზრი საქართველოს ნაკრებზე...

- ყველამ კარგად ვიცით, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაშია საქართველოს ნაკრები და არამარტო ნაკრები, ზოგადად ქართული ფეხბურთი, თუმცა ამის ბევრი მიზეზი არსებობს, ერთს ვიტყვი უბრალოდ, ძალიან ხშირად მხვდება თვალში გულშემატკივრების მხრიდან ფეხბურთელების მიმართ კრიტიკა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ სანამ სხვას გააკრიტიკებ, შენს თავში უნდა ჩაიხედო და სწორი დასკვნები გამოიტანო, დღეს ქვეყანას უჭირს და თავისთავად ფეხბურთიც ვერ იქნება ისეთ დონეზე..

- გასაგებია, მაგრამ ჩვენზე მეტად რომ უჭირს ისეთი ქვეყნებიც არსებობს და ჩვენზე უკეთესი შედეგი აქვთ..

- კი, გეთანხმებით, მაგრამ წეღანაც ვახსენე ატმოსფერო და მაგასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. კონკრეტულად ნაკრებში რა ხდება არ ვიცი, მე დიდი ხანია ნაკრებში არ ვარ, ისე კი ნებისმიერ დროს, როცა მეტყვიან, მზად ვარ ჩვენს ნაკრებს გვერდით დავუდგე, უბრალოდ დასანანია ის ფაქტი, რომ ჯერ ერთი თამაში არ მქონია შანსი, რომ ჩემს პოზიციაზე მეთამაშა და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამომევლინა.

- და ბოლოს, რა ეტყოდით ქართველ გულშემატკივარს?

- მადლობა მინდა გადავუხადო ყველას. სანამ საბერძნეთში წამოვიდოდი ძალიან რთული პერიოდი მქონდა, ჩემი კარიერის განმავლობაში პირველად დავრჩი გუნდის გარეშე და მიწევდა ძებნა. სწორედ ამ რთულ პერიოდში გულშემატკივრები გვერდში მედგნენ, მამხნევებდნენ და მაძლევდნენ იმის სტიმულს, რომ ბოლომდე მებრძოლა. მადლობას ვუხდი ყველას და მომავალში შევეცდები მათი გულები გავახარო...

0.118565