საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ფეხბურთში 2015 წლის უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას კომისიის თავმჯდომარე, ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი კომისია 2015 წლის აგვისტოში თბილისში გასამართი სუპერთასის ფინალური შეხვედრის მოსამზადებლად იმუშავებს.
"ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დონის შეხვედრების ჩატარება დედაქალაქში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მერიასთან, ფედერაციასთან, სპორტის სამინისტროსთან ერთად, რომ ეს შეხვედრა მაღალ დონეზე ჩატარდეს და საქართველო, თბილისი მოწოდების სიმაღლეზე იყოს", - აღნიშნა კახი კალაძემ.
კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, დედაქალაქი, როგორც სუპერთასის მატჩის მასპინძელი ქალაქი აქტიურად არის ჩართული საორგანიზაციო საკითხებში. გარდა ამისა, ნარმანიას განმარტებით, "დინამოს" სტადიონის უდიდესი წილი მუნიციპალური საკუთრებისაა, შესაბამისად, სტადიონის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული ხარჯები, თბილისის ბიუჯეტიდან იქნება გაწეული.
"ასევე მნიშვნელოვანია, რომ სტუმრების მიღებასთან და ტრანსპორტით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებში ჩვენ აქტიურად ვიქნებით ჩართულები", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
ფეხბურთში 2015 წლის უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, მათ შორის, აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე.
www.interpressnews.ge