ბლოგი

14:10 | 19.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნუგზარი, მამუკა და... დათო

მამუკა და ბიძამისი ნუგზარი “ნახალოვკაში”, ნუგზარის ეზოში, კარალიოკის ძირში ისხდნენ და “კოსმოსს” აბოლებდნენ. მამუკას ხელში წინა დღის “ფუტბოლ-ჰოკეი” ეჭირა და ხმამაღლა უკითხავდა ბიძამისს. მეორე დღეს საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩში პორტუგალიას ხვდებოდა და ნუგზარი მალიმალ ეკითხებოდა ძმისშვილს: ”ჰა, ხომ ვუგებთ “მარიაკებსო”. ეზოს გარეთ დიდი სატვირთო მანქანები დაგრიხინებდნენ და საშენი მასალები გადაჰქონდათ. როგორც ტელევიზიის დიქტორს უყვარდა ხოლმე თქმა: “შენდებოდა და მშვენდებოდა ჩვენი დედაქალაქი”.

ეს არის ის კადრები, რაც ახლა უკვე ჭარმაგ მამუკას განსაკუთრებულად კარგად ახსოვს. დღესაც ზუსტად გაიხსენებს იმ დღეებს, როდესაც ბიძიმისთან “ნახალოვკაში” ადიოდა, სადაც სპორტულ გაზეთებს კითხულობდნენ და არჩევდნენ. მაგრამ გამორჩეულად მაინც ის დღე ახსოვს, როდესაც საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრებმა 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის მატჩი წააგო პორტუგალიელებთან.

ეს მატჩი “ცოცხლად” ტელევიზორში რა თქმა უნდა არ უნახავთ, მაგრამ რადიოს დიქტორის განწირული კივილი არასოდეს დაავიწყდება, განსაკუთრებით იმ მომენტებში, როდესაც პორტუგალიელები (როგორც ბიძამისი ნუგზარი ამბობდა - “მარიაკები”) საბჭოელებს უტევდნენ. მამუკა მაშინ სულ 18 წლის თუ იქნებოდა, მაგრამ უკვე კარგად ხვდებოდა იმ პანიკურ შიშს, რაც რუსი რადიოკომენტატორის ხმაში იგრძნობოდა - პორტუგალია საბჭოთა კავშირს სჯობდა და “მარიაკებს” ის თამაში უნდა მოეგოთ.

მამუკა ახლა უკვე 70 წელს მიტანებული კაცია და დღესაც ძველებურად სჯერა, რომ საბჭოთა კავშირი დასანგრევი იყო და იმიტომაც დაინგრა. მის თაობაში ბევრი მისტირის “ძველ და კარგ დროს” და განსაკუთრებით ფეხბურთის ქომაგებს ადარდებთ ჩვენი ფეხბურთის ესოდენი დაბეჩავება, მაგრამ მამუკა ცოტა სხვანაირი გუნების კაცი იყო და იმას ამბობდა, რასაც ფიქრობდა. სათქმელი კი ბოლო დროს ძალიან ბევრი დაუგროვდა...

შემოდგომა, თბილისის ერთ-ერთი ჩვეულებრივი უბანი. საცხოვრებელი სახლის ქვემოთ ტრადიციულად დომინოს ჭახუნია, ბოლოდროინდელი ლუდის სმის აკრძალვების მიუხედავად, მაგიდის ქვემოთ მაინც უწყვიათ ლუდის ბოკლები და ამ წრუპვა-წრუპვის თანხლებით საუბრობენ იმდღევანდელ მატჩზე, რომელზეც რთულია ღიმილის გარეშე ილაპარაკო. საქართველოს ნაკრები გიბრალტარს ხვდება. ამბავიც ეს არის. გიბრალტარს ხვდება!

მამუკა ამ ყველაფერს პირველ სართულზე, თავის ღაია ფანჯრიდან უყურებს და არაფერს ამბობს. მერე ერთი ეკითხება - რას იტყვი, დღეს მაინც ხომ მოვიგებთო. მამუკა ხვდება, რომ ამ არაფრისმომცემ საუბარში მისი ჩათრევა უნდათ, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა უჭირს, რადგან როგორც უკვე ვთქვით, სათქმელი მართლაც ბევრი დაუგროვდა. მამუკა ყვება ბიძამისთან ერთად ფეხბურთის გარჩევის ძველ ამბებს და ამბობს, რომ მაშინ ვერც კი იოცნებებდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე და ახლა ჩვენმა გუნდმა ყველა თამაშიც რომ წააგოს, ის მაინც ბედნიერია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რომ მოესწრო.

მისი მონოლოგის დროს ყველა ჩუმდება. ჩუმდებიან დომინოს მოჭახუნეებიც და მამუკას ცოტა გაკვირვებული თვალებით უყურებენ. “როგორ მამუკა პაპა? ყველა რომც წავაგოთ მაინც გიხარია?” – ეკითხება ზაზას ბიჭი, სტუდენტი დათო. “უხარია!” – ხითხითებს მესამესართულელი გივი... მამუკა კი ზის თავის ფანჯარასთან, უყურებს ამ თავის მეზობლებს და ეზარება კიდევ ერთხელ ახსნას, რატომაა ბედნიერი საქართველოს ნაკრების უბრალოდ არსებობითაც კი და რატომ არაა ეს სიხარული სასაცილო.

იმ საღამოს, გიბრალტარი-საქართველოს შეხვედრის პირველი ტაიმის მერე მამუკას ჩაეძინა. ისევ ის სიზმარი ნახა. კვლავ ბიძამისის ეზოში იჯდა, ისევ 18 წლის იყო და ხელში სპორტული გაზეთი ეჭირა. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ბიძამისი აღარ ეჯდა წინ და ის კარალიოკის ხეც ერთიანად გამხმარიყო...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110155