რაგბი

13:16 | 19.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიას ცოტა დააკლდა... და მწვრთნელი დაკარგა

მალაკაი ფეკიტოამ ბოლო წუთზე ლელო გაიტანა, ახალმა ზელანდიამ ავსტრალიასთან 10-ქულიანი ჩამორჩენა დასკვნით წუთებში აღმოფხვრა და ბრისბენში 29:28 იმარჯვა.

ორი კვირის წინათ “ოთხი ერის” დასკვნით ტურში არგენტინასთან განცდილი მარცხის შემდეგ “კენგურუები” წინასწარ იყვნენ ჩამოწერილი, მაგრამ კრიტიკოსებს იუენ მაკკენზის შეგირდებმა საოცარი თამაშით უპასუხეს. ისინი ახლოს იყვნენ, რომ “ოლ ბლექსთან” სამწლიანი მოუგებელი სერია შეეწყვიტათ, მაგრამ თამაში 80 წუთს გრძელდება და ზელანდიელებმა დაამტკიცეს, რომ დასკვნით წუთებში მათ მსოფლიოში არ ჰყავთ ბადალი. დიახ, ავსტრალიამ 2014 წლის საუკეთესო თამაში აჩვენა, მაგრამ დასკვნითი წუთების ინტენსივობას ვერ გაუძლო, რასაც ლოგიკური შედეგი მოჰყვა.

მასპინძლებმა ანგარიში მე-11 წუთზე გახსნეს. წითელ ზოლში რამდენიმე დარტყმის შემდეგ, რაქიდან ბურთი ნიკ ფიპსმა გაიტანა, ცრუმოძრაობით სემ ვაიტლოკი ჩამოიშორა და ლელოს ხაზს მიწვდა, რასაც ბერნარდ ფოლის ზუსტი გარდასახვა მოყვა.

თამაში რომ განახლდა, ბურთი კონარდ სმიტმა აიღო, სწრაფი იერიში მარჯვენა ფლანგზე გაიშალა, კონტაქტში შესულმა კირან რიდმა გვერდით ხაზთან კორი ჯეინი მოძებნა, რომელიც მცირე მონაკვეთზე ორ მცველს დაუსხლტა და ლელო ალამთან გაიტანა. ბარეტიმ რთული პოზიციიდან გარდასახვა ზუსტად შეასრულა და მე-15 წუთზე ანგარიში გათანაბრდა (7:7).

ფოლის 32-ე წუთზე გატანილ ჯარიმას “ოლ ბლექსმა” კვლავ სწრაფი ლელოთი უპასუხა. დენ კოულსმა მეტოქის 22-ში რომ მიიღო ბურთი ჰუკერისთვის არადამახასიათებელ მანერაში ხაზი გაჭრა და ჩათვლის მოედანში მაღალ სიჩქარეზე შეიჭრა. ბარეტის გარდასახვა არაზუსტი იყო.

ტაიმის მიწურულს უკვე ავსტრალიამ შეუტია, მაიკლ ჰუპერი მცველებმა ჩათვლის მოედნიდან რამდენიმე სანტიმეტრში შეაჩერეს, მაგრამ ფოლი იქვე აღმოჩნდა და ბურთი დაუცველ მარცხენა ალამთან გადადო. გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმი ავსტრალიამ 15:12 მოიგო.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა უპირატესობა გაზარდეს. ფორვარდების კარგი შეტევის შემდეგ ფლანგზე მეტობა შეიქმნა და ლელო ადამ ეშლი-კუპერმა გაიტანა. ეშლი-კუპერი მე-100 სანაკრები შეხვედრას ატარებდა და პირველი ავსტრალიელი გახდა, რომელმაც საიუბილეო თარიღი ლელოთი აღნიშნა. ფოლიმ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და “ვოლაბები” 22:12 დაწინაურდნენ.

მეორე ნახევრის შუაში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, 69-ე წუთზე კი, აარონ სმიტმა 5 მეტრში ჯარიმა სწრაფად გაითამაშა, ავსტრალიელი მცველები უსაქმოდ დატოვა და ბარეტიმ გარდასახვით ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა.

ავსტრალიელებმა 76-ე წუთზე ჯარიმით უპირატესობა 6 ქულამდე რომ გაზარდეს, გულშემატკივრებს წაგებათა სერიის შეწყვეტის დიდი იმედი გაუჩნდათ, მაგრამ ბოლო შეტევა ზელანდიის იყო, ფეკიტოა სიგნალამდე 5 წამით ადრე მბოჭავს დაუსხლტა და ლელოთი ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, კოლინ სლეიდმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ახალ ზელანდიას 29:28 მოაგებინა.

ნამატჩევს ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იუენ მაკკენზიმ განაცხადა, რომ დაკავებულ თანამდებობა დატოვა: “ვამაყობ იმით, რომ ავსტრალიური რაგბის განვითარებაში საკუთარი წვლილი შევიტანე, მაგრამ მრავალი მიზეზის გამო თანამდებობა უნდა დავტოვო. ეს საკითხი უკვე განვიხილე ფედერაციის სპორტულ დირექტორთან. დღევანდელი თამაში რა შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო, გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა და ნებისმიერ შემთხვევაში გადავდგებოდი”.

მაკკენზიმ ავსტრალიის ნაკრები გასული წლის აგვისტოში ჩაიბარა და გუნდს 22 ტესტ-მატჩში გაუძღვა. ქვეყნის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბილ პალვერმა დაადასტურა, რომ მან გადადგომასთან დაკავშირებული თხოვნა მაკკენზისგან ელექტრონული ფოსტით მიიღო.

“ვიმედოვნებთ, რომ ახალი მწვრთნელი მომავალი კვირის ბოლომდე გვეყოლება, რადგან შემოდგომის ტესტებისთვის მზადება სწორედ ამ პერიოდიდან იწყება” - თქვა პალვერმა.

თამაშის მიმოხილვა:

http://www.sarugbymag.co.za/blog/details/highlights-wallabies-vs-all-blacks-2014

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111906