ჭადრაკი

1:01 | 18.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძე საპრიზოს შანსს ინარჩუნებს

ქართველმა მოჭადრაკე მერი არაბიძემ (2409) ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მე-11 ტურში შავი ფიგურებით რუსი ირინა პეტრუხინა (2218) დაამარცხა და თავი 7.5 ქულას მოუყარა.

დამატებითი მაჩვენებლებით, არაბიძე მე-8 ადგილზე იმყოფება, თუმცა კი, მეორე-მესამე პოზიციებზე მყოფ კონკურენტებს მხოლოდ 0.5 ქულით ჩამორჩება, ამდენად, საპრიზო სამეულში შესვლის შანსს ინარჩუნებს.

ბოლოსწინა მე-12 ტურში მერი თეთრებით ირანელ სარასადატ ხადემალშარიეს (2366) ეთამაშება. ისიც ვთქვათ, რომ ჩემპიონობა, ფაქტობრივად, განაღდებული აქვს რუს ალეკსანდრა გორიაჩკინას, რომელმაც 9.5 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტებს 1.5 ქულით უსწრებს.

მარცხიანი დღე ჰქონდა ვაჟთა ტურნირის ერთადერთ ქართველ მონაწილე ირაკლი ბერაძეს (2138). მან თეთრი ფიგურებით პოლონელ იან-კრისტოფ დუდასთან (2599) წააგო და 7.0 ქულით 22-ე საფეხურამდე დაქვეითდა.

მომდევნო ტურში ბერაძე შავებით ჰოლანდიელ რობინ ვან კომპენს (2641) დაუპირისპირდება.

ვაჟებში ოქროს მედალთან ყველაზე ახლოს ჩინელი იი ვეი (2641) გახლავთ, რომელსაც 9.0 ქულა გააჩნია და თანამემამულე შანგლეი ლუს (2533) 0.5 ქულით უსწრებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ინდოეთის ქალაქი პუნე მასპინძლობს, 19 ოქტომბერს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113504