საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ანზორ მექვაბიშვილი კარიერას რუმინული „კრაიოვადან“ ამერიკულ „ჩიკაგოში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ტრანსფერის ფასი 3 მილიონი ევროა, ფეხბურთელიც გაცილებით მაღალ ხელფასს მიიღებს, ვიდრე რუმინეთში იღებდა. როგორც რუმინული მედია წერს, თვეში 80 000 დოლარს. ანზორმა კონტრაქტი 2028-2029 წლების სეზონის ბოლომდე, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ვარიანტით გააფორმა.
"ჩიკაგოს" მთავარმა მწვრთნელმა გრეგ ბერჰალტერმა ქართველ ნახევარმცველზე კომენტარი გააკეთა: „გვიხარია, რომ კლუბს ანზორის მსგავსი ფეხბურთელი შეუერთდა. მისი გამოცდილება ჩვენთვის ღირებული აქტივი იქნება. ჩემპიონატის გამარჯვებულ გუნდში წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარება მის თანმიმდევრულობაზე, ლიდერობასა და გავლენაზე მეტყველებს. გვჯერა, რომ ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი ნახევარდაცვის გაძლიერებასა და გუნდის დონის ამაღლებაში“.
ის ლეგენდარული პოლონელი თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის თანაგუნდელი იქნება. ასე რომ, MLS-ში ორი ქართველი ითამაშებს: საბა ლობჟანიძე უკვე წლებია ამერიკაშია და ამჟამად „სოლტ ლეიკის“ ღირსებას იცავს. თავის დროზე ამერიკაში ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია თამაშობდნენ.
ანზორ მექვაბიშვილმა „კრაიოვაში“ 2023 წლიდან 119 თამაშში 7 გოლი გაიტანა. მან რუმინეთში ყველაფერი მოიგო - ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი, საქართველოს ნაკრებში კი 33 უგოლო მატჩი აქვს ჩატარებული. „ჩიკაგო ფაირი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 22 ტურის შემდეგ 37 ქულით მესამე ადგილზეა.







