საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა რატი ანდრონიკაშვილმა პორტუგალიასთან მატჩის (98:90) შემდეგ ისაუბრა.
ქართველმა კალათბურთელმა თქვა, რომ ის უბრალოდ ცდილობს მწვრთნელის ნდობა გაამართლოს.
„კარგად ვითამაშეთ. გავაკეთეთ ის, რაც მწვრთნელმა გვთხოვა და მოვიგეთ, სულ ეს არის. ძალიან ამაყი ვართ თითოეული თანაგუნდელით. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. ჩვენი მიზნისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, მაგრამ წინ კიდევ ოთხი თამაშია და ჩემი ერთი კარგი თამაში არაფერს ნიშნავს. მთავარია, ჩვენს მიზანს მივაღწიოთ.
უბრალოდ მინდა, მადლობა გადავუხადო იმ 15 ბიჭს, რომლებიც ჩვენთან ერთად იყვნენ. ამ კაცს აქ (ჯიკიჩი - რედ), რომელიც, რატომღაც, მუდმივად მენდობა. მე კი უბრალოდ ვეცდები, თუნდაც ამის ნახევარი გავაკეთო, რათა მისი ნდობა გავამართლო. უნდა აკეთო შენი საქმე და სულ ეს არის. ქულებზე არ ვდარდობ. საერთოდ არ მაინტერესებს... ერთადერთი, რაც მაინტერესებს, გამარჯვებაა. და ის ადამიანები, რომლებსაც ჩემი სჯერათ, ისინი ძალიან ცოტანი არიან - მინდა, მათ ეს ნდობა უკან დავუბრუნო“, - თქვა ანდრონიკაშვილმა.
რატი ანდრონიკაშვილმა პორტუგალიასთან 20 ქულა და 4 ჩაჭრა მიითვალა და მარგი ქმედების კოეფიციენტი 24 ჰქონდა, რაც თორნიკე შენგელიასთან ერთად საუკეთესო შედეგი იყო.
საქართველოს ნაკრებს 8 ტურის შემდეგ 5 მოგება და 3 წაგება აქვს, ხოლო მომდევნო ტურში 26 ნოემბერს, საბერძნეთს სტუმრად შეხვდება.







