საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპზე სტუმრად პორტუგალია დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
მონტენეგროსთან თბილისში მოგების შემდეგ, ალექსანდერ ჯიკიჩის გუნდმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაში მოიგო.
საქართველომ თამაში ცუდად დაიწყო. პორტუგალია გაცილებით უკეთ თამაშობდა და უპირატესობაც სოლიდური ჰქონდა. ქართველი კალათბურთელები ქულებს პრაქტიკულად მხოლოდ საჯარიმოს ხაზიდან აგროვებდნენ. პირველი პერიოდი მასპინძლებმა 24:16 მოიგეს და სხვაობა უფრო დიდი იქნებოდა, რომ არა ბოლო წამზე საქართველოს სამქულიანი. თუმცა, მეორე პერიოდიდან თამაშის სურათი შეიცვალა - საქართველო შესანიშნავად ათამაშდა და მეორე პერიოდი 25:18 მოიგო.
მეორე ტაიმსა და მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრები ბრწყინვალე და უნაკლო იყო. გარდამტეხი სწორედ მესამე პერიოდის მოგება გამოდგა (29:24), ხოლო სხვაობა ბოლო მეოთხედში კიდევ უფრო გაიზარდა. შესანიშნავი თამაში ჰქონდა რატი ანდრონიკაშვილს, რომელმაც ძალიან საკვანძო მომენტებში მოახერხა ჩაჭრების გაკეთება და სწრაფ შეტევებში ქულების დაგროვება, რამაც მასპინძლები საბოლოოდ გატეხა. საქართველომ პორტუგალია 98:90 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 26 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. აღსანიშნავია, რომ კაპიტანმა 40 წუთი ითამაშა! ბრწყინვალე იყო რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც გუნდს 20 ქულა და 4 ჩაჭრა შესძინა, ბურთიც არ დაუკარგავს! 22 ქულით, 6 მოხსნით და 4 პასით გამოირჩა სანდრო მამუკელაშვილი. 13 ქულა და 6 პასი ჰქონდა მარკის რიდს, ხოლო გოგა ბითაძემ გუნდს 11 ქულა და 5 მოხსნა შესძინა.
პორტუგალიის ნაკრებში 20 ქულით და 11 მოხსნით ნემიას კეტა გამოირჩა, ხოლო ტრავნატ ვილიამსს, რომლის კარიერა 10 წლის წინ „წყალტუბოდან“ დაიწყო, 12 ქულა ჰქონდა.
ჯგუფში ძალიან დაძაბული სიტუაციაა, რომელიც კიდევ უფრო დაიძაბა მას მერე, რაც საბერძნეთმა ესპანეთის ნაკრები დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებს 8 ტურის შემდეგ 5 მოგება და 3 წაგება აქვს, ხოლო მომდევნო ტურში 26 ნოემბერს, საბერძნეთს სტუმრად შეხვდება.
პორტუგალია - საქართველო 90:98 (24:16, 18:25, 24:29, 24:28)







