ფეხბურთი

14:47 | 4.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: საბა საზონოვი "ხეტაფეს" ფეხბურთელია

საბა საზონოვი კარიერას „ხეტაფეში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

საბა მადრიდულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 1+1 წლით გაფორმდა. ასე რომ, ქართველი მცველის ორწლიანი უთამაშებლობის პერიოდი სავარაუდოდ დასრულდა და ესპანეთში მას შანსი მიეცემა.

„ხეტაფეს“ საზონოვის შეძენა შარშანაც სურდა, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს „ტორინომ“ მისი ელექტრონული ფოსტის გაგზავნა დააგვიანა და გარიგება მაშინ ჩაიშალა. აღსანიშნავია, რომ საბა ფრანგულ „ლე ავრთან“ აწარმოებდა მოლაპარაკებებს, მაგრამ როგორც ჩანს, საბოლოოდ, „ხეტაფესა“ და ლა ლიგაში თამაში ამჯობინა.

„ხეტაფე“ ახალ სეზონში კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, გუნდის მთავარი მწვრთნელი კი ხოსე ბორდალასია, რომელმაც თავის დროზე „ვალენსიაში“ გიორგი მამარდაშვილს შანსი მისცა და მისი კარიერის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.

საბა საზონოვი 2023 წელს "ტორინოს" შეუერთდა და პირველ სეზონში 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, ერთადერთხელ იყო ძირითად შემადგენლობაში და მაშინაც შეცვალეს. მეორე სეზონში „ემპოლიში“ გაანათხოვრეს, სადაც ტრავმის გამო ვერ ითამაშა, ხოლო გასულ სეზონში „ტორინოში“ უბრალოდ ვარჯიშობდა, გუნდს სერია A-ს განაცხადში არ შეუყვანია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.157858