ფეხბურთი

10:25 | 22.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ყველაფერი, რაც 2026 წლის მუნდიალმა დატოვა: ტრიუმფი, ახალი ერის დასაწყისი, ძველის დასასრული
მბაპეს რეკორდები, მესის ახალი ისტორიები, ბრაზილიურ-გერმანული იმედგაცრუებები

39 დღე, 48 ნაკრები, 104 მატჩი და მილიონობით გულშემატკივრის ერთი საერთო ემოცია. ფეხბურთის ყველაზე დიდი დღესასწაული ამჯერად ესპანეთის ტრიუმფით დასრულდა და ისტორიას კიდევ ერთი დაუვიწყარი თავი შემატა.

ამ დროის განმავლობაში მთელი მსოფლიოს ყურადღება კანადის, მექსიკისა და შეერთებული შტატების საფეხბურთო სცენებზე იყო. 48-გუნდიანი ახალი ფორმატის პირველმა მუნდიალმა უამრავი დრამა, რეკორდი და დაუვიწყარი ემოცია გვაჩუქა.

ზოგჯერ ფეხბურთი ყველაზე ლამაზ ისტორიებს თავად წერს. 19 წლის წინ ეს უბრალოდ სარეკლამო ფოტოსესია იყო - პატარა ბიჭი ლამინ იამალი და არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ ეს ბავშვი, მსოფლიო ფეხბურთის ახალი სიმბოლო გახდებოდა, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მის წინ სწორედ მესი იდგებოდა.

2026 წლის ფინალმა ამ ისტორიას იდეალური გაგრძელება დაუწერა: მსოფლიოს ერთი ეპოქა ემშვიდობება, მეორე კი იწყება.

რაც შეეხება ფინალურ მატჩს, ნიუ-ჯერსის „მეტლაიფ სტედიონზე“ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა ევროპის ჩემპიონ ესპანეთს დაუპირისპირდა. 90 წუთი გოლის გარეშე. ყველაფერი დამატებით დროში გადაწყდა, როდესაც 106-ე წუთზე სათადარიგოთა სკამიდან გამოსულმა ფერან ტორესმა ერთადერთი გოლი გაიტანა და ესპანეთს 16 წლის შემდეგ ისტორიაში მეორე მსოფლიო ჩემპიონობა მოუტანა.

ფინალი შესაძლოა ყველაზე ლამაზი თამაში არ ყოფილა, თუმცა დრამატიზმი ბოლო წამამდე გაგრძელდა. არგენტინამ კარის მიმართულებით ვერც ერთი დარტყმა ვერ შეასრულა. საფინალო სასტვენის შემდეგ კი ემოციებმა მოედანზეც იფეთქა და მატჩი რამდენიმე წითელი ბარათით დასრულდა.

ლიონელ მესი ცალკე ამბავია: 8 გოლი, 4 საგოლე პასი. 39 წლის ასაკშიც მან ყველას უჩვენა, რომ ისევ აქაა, ისევ ტიტანებში. ლეომ არგენტინის ნაკრები ლამის მარტომ მიიყვანა ფინალამდე, წარმოუდგენელი მატჩები ჩაატარა და ფეხბურთის ისტორიას შთამბეჭდავი ამბები დაუტოვა. მესამე ფინალი ითამაშა, მართალია, ამჯერად დამარცხდა, მაგრამ მან მაქსიმუმი გააკეთა, შეიძლება მეტიც. მესის გარეშე ეს არგენტინა საფინალო გუნდი ნამდვილად არ იყო.

ეს ჩემპიონატი არაერთი სიახლითაც დაამახსოვრდებათ. მუნდიალი 48 ნაკრების მონაწილეობით გაიმართა, პირველად ჩატარდა ოფიციალური ნახევარტაიმის შოუც, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდა.

მსოფლიო ჩემპიონატს ფინალის გარდა არაერთი დასამახსოვრებელი თამაში ჰქონდა. „Football is coming home“ - ფრაზა, რომელიც ინგლისურ ფეხბურთთან უკვე ათწლეულებია ასოცირდება, რეალობად ისევ ვერ იქცა. ინგლისმა ძლიერი გუნდი შექმნა, იბრძოლა, იყო ფავორიტებს შორის, მაგრამ მსოფლიო თასი სამშობლოში კვლავ ვერ დაბრუნდა. მესამე ადგილის მატჩი ნამდვილი გოლების ფესტივალი აღმოჩნდა. „სამმა ლომმა“ საფრანგეთი 6:4 დაამარცხა და გულშემატკივარს ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა აჩუქა.

ზოგჯერ ყველაზე დასამახსოვრებელი კადრები ტაბლოზე არ ჩანს - ისინი ტრიბუნებზე იწერება, გულშემატკივრების თვალებში, პატარა ქვეყნების დიდ ოცნებებში და იმ ტრადიციებში, რომლითაც ფეხბურთი მთელ მსოფლიოს აერთიანებს.

თუ ამ მუნდიალს ერთი გუნდის გულშემატკივრების განსაკუთრებული ემოცია უნდა დავუკავშიროთ, ეს ნორვეგიაა. სკანდინავიელებმა ყურადღება არა მხოლოდ მოედანზე, მათი გულშემატკივრების „ვიკინგების ნავის“ აღნიშვნითაც მიიქციეს. ათასობით ადამიანი ერთ რიტმში მოძრაობდა, თითქოს წარმოსახვით ნავს ნიჩბებით მიაპობდა და საკუთარ გუნდს წინ მიაქანებდა. ეს იყო იდეა: ერთი გუნდი, ერთი ქვეყანა, ერთი მიმართულება.

იაპონიის გულშემატკივრებმა კი კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ფეხბურთში გამარჯვება მხოლოდ მოედანზე არ იზომება. მატჩის დასრულების შემდეგ, როცა სხვები სტადიონს ტოვებდნენ, ისინი რჩებოდნენ და საკუთარ სექტორს ასუფთავებდნენ. მათთვის ეს კულტურის ნაწილია: ადგილი იმაზე უკეთეს მდგომარეობაში დატოვონ, ვიდრე დახვდათ.

თუ ამ ჩემპიონატს მთავარი ზღაპარი ჰქონდა, ეს კაბო-ვერდე იყო. მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტანტმა აფრიკულმა ნაკრებმა პლეი-ოფამდე მიაღწია და მომავალ ვიცე-ჩემპიონთან, მხოლოდ დამატებით დროში დამარცხდა. პატარა ქვეყანამ მსოფლიოს სიმპათიები მოიპოვა და დაამტკიცა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე სასწაულებიც ხდება.

2022 წლის ყატარის მუნდიალზე მაროკომ მსოფლიო გააოცა და ნახევარფინალში გასვლით აფრიკული ფეხბურთის ისტორია დაწერა. ბევრს ეგონა, რომ ეს ერთჯერადი ზღაპარი იყო, თუმცა ჩრდილოაფრიკელებმა დაამტკიცეს, რომ ფეხბურთის ელიტაში შემთხვევითი სტუმარი არ ყოფილან.

ბრაზილიის მოლოდინი ისევ მოლოდინად დარჩა. სელესაომ წნეხი ვერც ამჯერად დაძლია. ხუთგზის ჩემპიონის ოცნება - მეექვსე ვარსკვლავი - კვლავ მიუწვდომელია. ნეიმარის დაბრუნება გოლით, მაგრამ ცრემლებით დასრულდა. "სელესაოს" ვერც კარლო ანჩელოტიმ უშველა, უფრო მეტიც, ბრაზილიამ 1990 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა მსოფლიოს ჩემპიონატზე - მერვედფინალში გავარდა. ბრაზილიური ფეხბურთი წლებია უკვე კრიზისშია, გამოსავალიც ჯერ არ ჩანს.

ჩემპიონატის კიდევ ერთი იმედგაცრუება გერმანიის ნაკრები იყო. იულიან ნაგელსმანის გუნდი ამჯერად ჯგუფიდან გავიდა, განსხვავებით წინა ორი მუნდიალისგან, როცა "ბუნდესნაკრები" ჯგუფში რჩებოდა, მაგრამ 1/16-ფინალში გავარდა, რაც ამ ფორმატში პრაქტიკულად ჯგუფში ჩარჩენის მსგავსია. გერმანიამ პარაგვაის ბარიერი ვერ დაძლია, რაც მისთვის სამარცხვინო შედეგია. ნაგელსმანიც წავიდა, ახლა, გერმანიის ნაკრებში იურგენ კლოპის ეპოქა იწყება.

საფრანგეთის ნაკრები შეიძლება ტურნირის ერთ-ერთი იმედგაცრუებაც იყო. ზედიზედ მოგებული 6 მატჩი, არცთუ ყველაზე რთულ ბადეში, და, შემდეგ, როცა გადამწყვეტი მატჩების ჯერი დადგა, საერთოდ არაფერი. დიდიე დეშამის 14-წლიანი ერა ზედიზედ ორი მარცხით დასრულდა. 0:4 მესამე ადგილისთვის მატჩის პირველ ტაიმში, შემდეგ გამოღვიძება, მაგრამ უკვე ძალიან გვიან. და, მაინც, საფრანგეთი მუნდიალზე მხოლოდ ოქროს მედლისთვის იყო, რასაც ვერ მიაღწია, ნახევარფინალში ესპანეთთან უშანსოდ წააგო. სამაგიეროდ, კილიან მბაპე 10 გოლით ბომბარდირი გახდა - ზედიზედ მეორედ და რაც მთავარია, 22 გოლით მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაშიც საუკეთესო გოლეადორია. აქვე უნდა ვახსენოთ მაიკლ ოლისეს 7 საგოლე პასი და პელეს რეკორდის გაუმჯობესება. მოკლედ, ინდივიდუალურად, ფრანგებს მაგარი ტურნირი ჰქონდათ, არც უსმან დემბელეს შეურცხვენია თავი, მაგრამ გუნდურად, მეოთხე ადგილი დადებითად ვერ ჩაითვლება. ახლა, საფრანგეთის ნაკრებში ზინედინ ზიდანის ერა იწყება.

პორტუგალიისთვის მუნდიალი ერთი სახელის გარშემო ტრიალებდა - კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს საფეხბურთო სცენაზე 2006 წელს გერმანიაში გამოჩნდა, 20 წლის თავზე კი დიდი ალბათობით ბოლო სამუნდიალო შეხვედრა ჩაატარა. პორტუგალიელი ვარსკვლავი დიდ სცენას თასის გარეშე ემშვიდობება.

სამი მასპინძელი ქვეყანა, სამი განსხვავებული კულტურა და ერთი საერთო ენა - ფეხბურთი. მსოფლიომ 39 დღეში იხილა: მესის, რონალდუს, მოდრიჩისა და ნეიმარის უკანასკნელი ცეკვა. მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, მაგრამ დარჩა კადრები, რომლებიც ანგარიშზე დიდხანს იცოცხლებს.

39 დღე, 104 მატჩი, 48 ნაკრები. ახლა კი მსოფლიო უკვე 2030 წლის მუნდიალის მოლოდინშია, სადაც ფეხბურთი კიდევ ერთ ისტორიას დაწერს, დიდი ალბათობით, 64 გუნდით.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.175603