საბა საზონოვმა „ტორინო“ დატოვა და კლუბს ღია წერილით დაემშვიდობა. მან მადლობა გადაუხადა ფანებსაც, რომლებსაც ემოციურად მიმართა.
„მადლობა, „ტორინო“! დიდი კლუბი, რომლის ისტორიაც ყველამ ვიცით და გვახსოვს. ბედნიერი ვიყავი, რომ ამ ოჯახის წევრი ვიყავი. მადლობა ტურინს, ქალაქს, რომელიც ჩემი სახლი გახდა.
გულშემატკივრებს: თქვენ წარმოუდგენლები ხართ. იცით, რომ ყოველთვის თქვენგანი ვიყავი. ყოველთვის ხელმისაწვდომი და გულწრფელი ვიყავი თქვენს მიმართ, ისევე როგორც თქვენ იყავით ჩემ მიმართ. ვწუხვარ, რომ მოედანზე ვერ შევძელი ყველაფრის მოცემა, რაც მინდოდა, რომ ვერ შევძელი თქვენთვის იმ ემოციების და სიხარულის მონიჭება, რასაც იმსახურებთ. მაგრამ ყველამ ვიცით, რატომ მოხდა ეს ასე და ვინ არის რეალური პრობლემა. ყოველთვის ჩემს გულში იქნებით“, - დაწერა საზონოვმა.
საბა საზონოვი „ტორინოს“ 2023 წელს შეუერთდა და პირველ სეზონში 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, ერთადერთხელ იყო ძირითად შემადგენლობაში და მაშინაც შეცვალეს. მეორე სეზონში „ემპოლიში“ გაანათხოვრეს, სადაც ტრავმის გამო ვერ ითამაშა, ხოლო გასულ სეზონში „ტორინოში“ უბრალოდ ვარჯიშობდა, გუნდს სერია A-ს განაცხადში არ შეუყვანია.
ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს ქართველი მცველი კარიერას, რომელიც თავისუფალი აგენტია.





