სხვა

13:41 | 20.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

სეოკ-ის 2025 წლის საანგარიშო სესია

დეკემბერს, სასტუმრო ,,ტელეგრაფში" გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2025 წლის საანგარიშო სესია, რომელსაც ესწრებოდნენ დელეგატები სეოკ-ის წევრი ორგანიზაციებიდან, საქართველოს სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელები, სპორტული საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები.

სესიის დელეგატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2025 წელს გარდაცვლილ სპორტულ მოღვაწეთა და სპორტსმენთა ხსოვნას.

დამსწრე საზოგადოებას სეოკ-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. მან ისაუბრა სეოკ-ის მიერ გაწეულ საქმიანობაზე, მნიშვნელოვან ოლიმპიურ პროექტებზე, სხვადასხვა დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებში მიღწეულ წარმატებებზე, სამომავლო გეგმებზე:

„ყოველი ახალი საანგარიშო წელი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია ქართული სპორტისთვის. ჩვენი ოლიმპიური მოძრაობისთვის. გამონაკლისი არც 2025 წელი ყოფილა. ეს იყო წელი დიდი გამარჯვებების და ამავე დროს იყო წელი, რომელმაც გამოაჩინა მთელი რიგი პრობლემები.

ჩვენი სპორტსმენები წარმატებით გამოვიდნენ არაერთ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებაში, არაერთხელ ააფრიალეს საქართველოს დროშა - მათ შორის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ასევე ახალგაზრდულ ტურნირებში. სპორტული წლის შედეგებიდან პირველ რიგში უნდა გამოვყოთ ქალთა ძიუდოს ლიდერის ეთერ ლიპარტელიანის, ფარიკაობის ქართული სკოლის ტრადიციების ღირსეული გამგრძელებლის სანდრო ბაზაძის და 18 წლის მოჭიდავის ვახტანგ ლოლუას მიერ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, ქართველ ძიუდოისტთა გუნდური გამარჯვება ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე, ჩვენი კალათბურთელების წარმატებული გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე, ნიჭიერი მოციგურავის ინგა გურგენიძის ისტორიული ოქროს მედალი ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდულ სპორტში გამოიკვეთა სასიკეთო ტენდენციები სპორტის არაერთ სახეობაში, რასაც ადასტურებს მნიშვნელოვან ასაკობრივ ტურნირებში ნაჩვენები შედეგების მზარდი დინამიკა - ახალი თაობა უკვე თამამად იკავებს ადგილს დიდ სპორტში, რაც ჩვენთვის სტრატეგიული პრიორიტეტია. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ პატარა ქვეყანასაც შეუძლია დიდი სპორტული წარმატებების მიღწევა მაშინ, როცა გვაერთიანებს საერთო ამოცანები, მიზანსწრაფვა, საქმის ერთგულება და მაღალი პასუხისმგებლობა.

დამეთანხმებით, რომ ყოველი მედალი, ყოველი ახალი გამარჯვება, ყოველი მიღწეული შედეგი - ეს არის არა მხოლოდ სპორტული წარმატება, არამედ - ქვეყნის ღირსების და სიძლიერის გამოვლინება. მაგრამ წინსვლა მხოლოდ მედლებით არ იზომება. ჩვენი ამოცანა იყო და არის სისტემური განვითარება, ახალი სტანდარტების შემოღება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დამკვიდრება, ყოველდღიური შრომა იმისთვის, რომ სპორტსმენებს ჰქონდეთ ყველა საჭირო პირობა სრულფასოვანი მომზადებისთვის. ეს პროცესი მუდმივ ზრუნვას და ყურადღებას მოითხოვს სპორტულ-ოლიმპიურ მოძრაობაში ჩართული სუბიექტების მხრიდან.

წლეულს, თებერვალში საქართველომ ღირსეულად უმასპინძლა ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ჩვენ წარმატებით ჩავაბარეთ კიდევ ერთი გამოცდა, როცა პირნათლად შევასრულეთ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების წინაშე აღებული ვალდებულებები. ამავე დროს, სწორედ ფესტივალის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს შეემატა ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც მოემსახურება ზამთრის სპორტის შემდგომ განვითარებას. ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება შეუძლებელია ჩვენი პარტნიორების, უპირველესად კი - სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე. საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკის თანახმად, სპორტის განვითარება პრიორიტეტულ საქმედ არის მიჩნეული და, შესაბამისად, წლიდან წლამდე იზრდება სპორტისთვის გამოყოფილი სახსრების ოდენობა. საბიუჯეტო სუბსიდიები, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი სპორტისთვის, ამავე დროს, ერთგვარი გარანტიაა შემდგომი წინსვლისა და სპორტული შედეგების გაუმჯობესებისთვის.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია დაგეგმილი და უკვე მიმდინარე უპრეცედენტო ინვესტიციის განხორციელება ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რაც დამატებით შესაძლებლობებს ქმნის სპორტში ახალგაზრდების მასობრივად ჩასაბმელად, საწვრთნო პროცესის ხარისხის ასამაღლებლად.

ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას სპორტის სამინისტროს, როგორც ცალკე სამთავრობო უწყების შექმნის შესახებ. ეს ფაქტიც ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში სპორტი პრიორიტეტული დარგია. ახალი სამინისტროს და ოლიმპიური კომიტეტის ყოველდღიური საქმიანი ურთიერთობა მიმართულია იქითკენ, რომ დაფინანსდეს ოლიმპიური პროგრამები, მიზნობრივი საწვრთნელი შეკრებები, სალიცენზიო ტურნირებში მონაწილეობა, სხვადასხვა ოლიმპიური ღონისძიებები.

ამ ღონისძიებებს შორის, რა თქმა უნდა, უმთავრესია ოლიმპიური თამაშები - სპორტული ოთხწლეულის მთავარი მოვლენა. მოგეხსენებათ, ზამთრის ოლიმპიადა სულ მალე, 2026 წლის თებერვალში იტალიაში გაიმართება. ამ თამაშებზე საქართველო სოლიდური, კონკურენტუნარიანი დელეგაციით გაემგზავრება. როგორც წინა ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში ამჯერადაც სრული, ექვსკაციანი გუნდით წარვდგებით ამ სახეობის ოთხივე დისციპლინაში. ჩვენი მოციგურავეების, მწვრთნელების, ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ხელმძღვანელთა გულმოდგინებამ ჩინებული შედეგი გამოიღო - დღეისათვის საქართველო იმ მოწინავე ქვეყნებს შორისაა, რომელსაც დაბალანსებული, ბრძოლისუნარიანი გუნდი ჰყავს და, შესაბამისად - მაღალია შედეგების მოპოვების რეალური შესაძლებლობაც.

გაისად ჩვენ წარვდგებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე - მეოთხე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც ოქტომბერში სენეგალში გაიმართება. 2027 წელს სტამბული უმასპინძლებს მეოთხე ევროპულ თამაშებს, ოლიმპიურ ოთხწლეულს კი დაასრულებს 2028 წლის ზაფხულის 34-ე ოლიმპიური თამაშები.

მომავალი სამი წლის განმავლობაში ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ განსაკუთრებული ძალისხმევა, რათა სრულფასოვნად მოვემზადოთ და წარმატებით გამოვიდეთ მთავარ ოლიმპიურ მულტისპორტულ შეჯიბრებებზე.

ჩვენი ამოცანაა, ახალ სიმაღლეზე ავიყვანოთ ოლიმპიური მოძრაობა. ჩვენ უნდა ვირწმუნოთ, რომ საქართველოს შეუძლია კიდევ უფრო დიდი გამარჯვებების მოპოვება მსოფლიო სარბიელზე. ყველანი ერთად ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ!"

სპორტულ საზოგადოებას მიესალმა და განვლილი სპორტული სეზონის მნიშვნელოვანი წარმატებები გაიხსენა საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილემ ირაკლი დოლაბერიძემ.

2026 წელს ჩასატარებელი საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადების მიმდინარეობის შესახებ სესიის მონაწილეებს პრეზენტაცია წარუდგინა სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა.

აღინიშნა, რომ ქვეყანაში ბავშვთა სპორტის განვითარებისთვის, ადგილებზე სასკოლო სპორტული ცხოვრების გასააქტიურებლად, საქართველოს რეგიონებს შორის ჯანსაღი სპორტული კონკურენციის შესაქმნელად საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს განზრახული აქვს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების წლებში, ევროპული ფესტივალისა და მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პროგრამის გათვალისწინებით, ჩაატაროს სრულიად საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დევიზით: „მომავალი ოლიმპიელები."

პირველი, საპილოტე ფესტივალის ჩატარება განსაზღვრულია 2026 წელს.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლე-სპორტსმენების ნაკრები გუნდები საქართველოს რეგიონებიდან, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკებიდან და ქ.თბილისიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ საქართველოს 12 ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები.

ფესტივალში მონაწილეთა ასაკი განსაზღვრულია 14-17 წლით. დასკვნით, ფინალურ ეტაპზე სპორტის 16 სახეობაში იასპარეზებს დაახლოებით 1200-მდე სპორტსმენი საქართველოს ყველა რეგიონიდან. 2026 წლის საპილოტე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალური ეტაპის ჩატარების ადგილად შერჩეულია ბათუმი, ხოლო ჩატარების თარიღად - 2026 წლის ივნისის პირველი კვირა, 3-4 საშეჯიბრო დღის ხანგრძლივობით.

ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გამოვლინდებიან სპორტის ცალკეულ სახეობებში გამარჯვებულები, ფესტივალის მთავარი პრიზი კი გადაეცემა რეგიონს, რომელიც საუკეთესო შედეგს აჩვენებს ქულათა ჯამური მაჩვენებლით.

ფესტივალი ჩატარდება საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, რეგიონალური განვითარების სამინისტროებთან, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან და ბათუმის მერიასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ წლევანდელი წლის იუბილარები: ცნობილი სპორტული ჟურნალისტი თამარ ბალავძე, სპორტის უნივერსიტეტის რექტორი ტრისტან გულბიანი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, სახელოვანი ფეხბურთელი რევაზ ძოძუაშვილი, ძიუდოში ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ნესტორ ხერგიანი, საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი. ოლიმპიური მოძრაობის პოპულარიზაციისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა ცნობილ სპორტულ ჟურნალისტს ელენე ბილიხოძეს.

დღევანდელ ღონისძიებაზე ახალ პოზიციაზე არჩევა მიულოცეს სხავდასხვა სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს.

სესიაზე მოისმინეს აუდიტის ანგარიში.

საანგარიშო სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი, სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი რევაზ რობაქიძე, ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელი პავლე კასრაძე და ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168782