რაგბი

12:40 | 14.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ლელო 10:17 ხარები

რუსთავის ‘ხარებმა’ crocobet დიდი 10-ის მე-11 ტურში ‘ლელოს’ თბილისში 17:10 სძლია და მდევრებთან უპირატესობა გაზარდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, „ლელო არენაზე“ გამართული შეხვედრა დაძაბული აღმოჩნდა. მატჩმა ორმხრივ შეტევებში, გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. პერიოდულად, ორივე გუნდს ქონდა თვალსასეირო მომენტები, მაგრამ დასკვნით ფაზებში ცდებოდნენ, ან დაცვა ირჯებოდა კარგად და ამის გამო ბევრი სალელოვე მომენტი გაფუჭდა. სტუმრებმა მეორე ტაიმში მოახერხეს თამაშში გარდატეხის შეტანა და დამსახურებული გამარჯვების მოპოვება.

შედეგად, ‘ხარებს’ 11 ტურის შემდეგ 30 ქულა მოუგროვდა და მეოთხე პოზიციაზე გამაგრდა. ‘ლელოს’ ნუგეშ-ქულა ერგო და ჯამში 23-ით, ჯერჯერობით მეხუთე ადგილზე რჩება, თუმცა დიდი შანსია, ამავე ტურში ‘ხვამლი’-‘არმიას’ თამაშის შემდეგ მისი დათმობა მოუწიოს.

შეხვედრა, რომელსაც ამერიკელი რეფერი მაიკლ ლოურენსონი სჯიდა მასპინძლების შეტევებით დაიწყო, თუმცა ‘ხარებმა’ თავი კარგად დაიცვა, მერე ჯარიმა გამოიმუშავა და დავით მოძღვრიშვილმა საშუალო დისტანციიდან ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა. ‘ლელოს’ წონასწორობის აღდგენის შესაძლებლობა რამდენჯერმე ქონდა, მაგრამ ლელოზე თამაში ირჩია და მიზანს მხოლოდ 34-ე წუთზე უწია.

მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველები კარის წინ ერთ შეტევაში 3-ჯერ დაჯარიმდნენ, ‘ლელომ’ შეტევის ტემპი შეინარჩუნა, ლევან ბაჩილავამ რაქის გვერდით შეუტია და მისი ოფლოუდის შემდეგ ლელო სანდრო ქოიავამ გაიტანა. ამას ისიც დაერთო, რომ მსაჯმა ‘ხარებს’ ირაკლი ლუარსაბიშვილი გაუსინბინა, ნიკა ხალვაშმა კი გარდასახა და ტაიმი 7:3 დასრულდა.

მეორე ტაიმი ‘ხარების’ კარგი შეტევით დაიწყო და ლევან ნარიმანიძემ ფრთაზე ეფექტური ლელო გაიტანა, თუმცა ვიდეო-რეფერიმ მანამდე, ფეხით თამაშისას დავით ხუროშვილზე თამაშგარე დააფიქსირა და ლელო გააუქმა. რუსთაველებმა მწვავე შეტევები გააგრძელეს და 55-ე წუთზე მაინც დაწინაურდნენ. ‘ლელომ’ საკუთარ 5-მეტრიანთან დანიშნული შერკინების შემდეგ ხელდახელ სცადა შეტევა, მაგრამ წნეხში მოექცა, სანდრო სვანიძემ ცუდად ამოგდებული ბურთი ჩაჭრა და ლელო გაიტანა, ხოლო მოძღვრიშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა.

70-ე წუთზე სტუმრებმა მეორე ლელო გაიტანეს. 10-მეტრიან წყვეტილთან მათ ხაზზე გაიტანეს ბურთი და მაღალ ტემპში შეუტიეს, მოძღვრიშვილის გადაცემის შემდეგ მარჯვენა ფრთაზე ნარიმანიძე სამ მცველს ეკვეთა და ბურთი ალამთან დაამიწა. მოძღვრიშვილმა რთული გარდასახვა ამჯერადაც ზუსტად შეასრულა. ‘ლელომ’ გააფთრებით შეუტია, თუმცა კვლავ კარგ დაცვას წააწყდა და 77-ე წუთზე ნიკა ხალვაშმა კარის წინ დანიშნული ჯარიმიდან სხვაობა შეამცირა. დარჩენილ დროში ‘ხარებმა’ შეძლო ბურთის გაკონტროლება და მდევართან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - 17:10.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვასილ ზღუდაძე გახდა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.10256