ტოკიოს გრანდ სლემის მეორე და ბოლო საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის უმედლოდ დასრულდა.
73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა ისრაელის წარმომადგენელ იეონათან ელბაზს აჯობა, მაგრამ შემდეგ იაპონელ რიუგა ტანაკასთან წააგო და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც მონღოლ ანხზაია ალვიარგალთან იმარჯვა, თუმცა მედლისთვის შეხვედრაში იაპონელ შუსუკე უჩიმურასთან მარცხი განიცადა.
ამავე წონაში გიორგი ტერაშვილი პირველივე ბრძოლაში იაპონელ კეიტო კიჰარასთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.
81 კგ წონით კატეგორიაში ზაურ დვალაშვილმა სამხრეთკორეელ ჰიუნ ჯუნ პარკს და ბულგარელ ჰრისტო ვალკოვს სძლია, შემდეგ იაპონელ სოტარო ფუჯივარასთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც კანადელ ფრანსუა გოტიე დრაპოს მოუგო, მაგრამ მედლისთვის ბრძოლაში იაპონელ იოშიტო ჰოიოსთან დამარცხდა.
ქალთა შორის 70 კგ წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურია პირველივე შეხვედრაში დამარცხდა რუს მადინა ტაიმაზოვასთან, ხოლო +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა იაპონელ რური ფუჯისთან ვერაფერი გააწყო.
ამრიგად, საქართველომ ტოკიოს გრანდ სლემი სამი მედლით დაასრულა - ილია სულამანიძემ ოქრო, ხოლო გიორგი ჯაბნიაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.









