რაგბი

21:47 | 6.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩელენჯ თასი | ‘მონპელიეს’ ტაიმი მოვუგეთ, თამაში ვერა

‘შავმა ლომმა’ 2025/26 წლების ჩელენჯ თასის პირველ მატჩში, ‘მონპელიესთან’ პირველ ტაიმში მოპოვებული 13-ქულიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და შეხვედრა 13:24 დათმო.

„ავჭალაზე“ შეკრებილმა მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში მასპინძლები კარგად გამოიყურებოდნენ, შეცდომები მინიმუმამდე ქონდათ დაყვანილი და სრულიად დამსახურებულად, 13:0 დაწინაურდნენ. შესვენების შემდეგ სურათი შეიცვალა, მეტოქე ინიციატივას დაეუფლა და 4 გატანილი ლელოთი 24:13 გაიმარჯვა.

მატჩის დებიუტში ‘შავი ლომის’ შერკინებამ ორჯერ გამოიმუშავა ჯარიმა და ორივეჯერ მოლით სცადა შეტევა. სტუმრები კარის წინ 5 მეტრში ერთხელაც დაჯარიმდნენ და ლუკა ცირეკიძემ ანგარიში გახსნა. მე-13 წუთზე ფრანგები გადაცემისას ჩვენს ნახევარზე შეცდნენ, ცირეკიძემ ფეხით ორჯერ ითამაშა, მცველმა საკუთარ 22-ში ბურთი ვერ დაიმორჩილა და აკაკი ტაბუცაძემ ლელო გაიტანა, ხოლო ცირეკიძემ გარდასახა.

ტაიმის შუაში ‘მონპელიემ’ შეძლო ჩვენს ლელოში შემოსვლა, მაგრამ გიორგი სინაურიძემ მომხვდურს დამიწების შესაძლებლობა არ მისცა. პირველი ტაიმის დასკვნით 10 წუთში ფრანგები ცენტრის სიახლოვეს სამჯერ დავაჯარიმეთ. ცირეკიძეს ჩვენი ნახევრიდან დარტყმები გაუცუდდა, 45 მეტრიდან კი ზუსტი იყო და ტაიმი 13:0 მოვიგეთ.

შესვენებისას სტუმრებმა შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელეს და თამაშში გარდატეხა შეიტანეს. მეორე წუთზე მათი მოლი ლელოთი დასრულდა, 49-ე წუთზე კი ფაზური შეტევით მეორე ლელო მიითვალეს და გარდასახვით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს. საპასუხოდ ჯარიმა კარში არ დავარტყით, მაგრამ ვერც მოლით მოვახერხეთ მიზნის მიღწევა. 63-ე წუთზე ცირეკიძემ ჯარიმა უკვე კარში დაარტყა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა.

შეხვედრის მიწურულს დისციპლინაში პრობლემები შეგვექმნა, 66-ე წუთზე მეტოქეს მოლი ჩავუქციეთ და საჯარიმი ლელოთი დავისაჯეთ, რასაც სანდრო მამამთავრიშვილის სინბინი მოყვა. ‘მონპელიე’ საპასუხო მოლს კარგად გაუმკლავდა, 71-ე წუთზე კი რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და მეოთხე ლელო გაიტანა. შეხვედრის მიწურულს სტუმართა 5-მეტრიანში ერთხელაც შევედით, მაგრამ მოლით ლელოს გატანა ვერ მოვახერხეთ და საცხრილო ქულის გარეშე დავრჩით - 13:24.

‘შავი ლომი’ მომავალ კვირაში ირლანდიაში გაემგზავრება და 14 დეკემბერს ‘ქონოთს’ ჩვენი დროით ღამის 12 საათზე შეერკინება.

2025/2026 წლების ჩელენჯ თასი

პირველი ჯგუფი. პირველი ტური

6 დეკემბერი. შაბათი.

თბილისი. „ავჭალა“

შავი ლომი (საქართველო) - მონპელიე (საფრანგეთი) 13:24 (13:0)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. გიორგი ნიკოლაძე, 20. გიორგი კერვალიშვილი, 21. ლაშა ციხისთავი; 22. გიორგი სპანდერაშვილი, 23. ალექსანდრე თოდუა.

RUGBY.GE

თეგებიშავი ლომი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091623