ტოკიოს გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე შედეგიანი გამოდგა და საქართველომ სამი მედალი მოიპოვა - ილია სულამანიძე ოქროს მედლის მფლობელია, გიორგი ჯაბნიაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა კი ბრინჯაო დაისაკუთრეს.
100 კგ წონით კატეგორიაში სულამანიძემ ჯერ სამხრეთკორეელ იუიეოპ ანს აჯობა, შემდეგ რუსი ნიაზ ბილალოვი დაამარცხა, ნახევარფინალში კიდევ ერთი რუსი, მატვეი კანიკოვსკი დაამარცხა, ხოლო ფინალში იაპონელ დოტა არაისთან მოიგო და ოქროს მედალი მოიპოვა.
სულამანიძე მესამე ქართველია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ტოკიოს გრანდ სლემზე ოქროს მედალი დაისაკუთრა. მანამდე ეს ავთანდილ ჭრიკიშვილსა (2015) და ბექა ღვინიაშვილმა (2019) მოახერხეს.
90 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჯაბნიაშვილმა რუსი ეგორ მალკინი დაამარცხა, შემდეგ იაპონელ გოკი ტაჯიმასთან თავად დამარცხდა, თუმცა რეპეშაჟში იაპონელ ჰიდეტოში ტოკუმოჩის და იტალიელ ტიციანო ფალკონეს აჯობა, რის შედეგადაც მედალი მოიპოვა.
დღესვე, მძიმე წონაში გამოვიდა ირაკლი დემეტრაშვილი, რომელიც რეპეშაჟამდე მივიდა, მაგრამ იქ მარცხი განიცადა და მედალი ვერ მოიპოვა.
ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ეთერ ლიპარტელიანმა, რომელმაც ჯერ სამხრეთკორეელი იუნა შინი დაამარცხა, მერე იაპონელ აკარი ომორისთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც ბრაზილიელ შირლენ ნაშიმენტოს და ფრანგ სარა ლეონი სისიკეს აჯობა და მედალი დაისაკუთრა. ამავე წონაში გამოდიოდა ნინო ლოლაძე, რომელმაც პირველ შეხვედრაში მონღოლელ მეტოქეს კი მოუგო, მაგრამ მერე იაპონელ მომო ტამაოკისთან წააგო.









