საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გერმანიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ვრცლად ისაუბრა, როგორც მატჩზე, ისე ახალგაზრდული ნაკრების სპეციფიკაზე.
„გერმანია ერთ-ერთი საუკეთესოა. ძლიერ ნაკრებებთან ადრეც გვითამაშია, სულისკვეთების ხარჯზე შედეგს მივაღწიეთ. ვცდილობთ, ნებისმიერი სიტუაციისთვის მზად ვიყოთ. წინა მატჩში ბევრი რაღაც გამოცდილებით გადაწყდა.
რა თქმა უნდა რთულია, თუმცა ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ ის სპეციფიკა, რომელიც 21-წლამდე ნაკრებს ახლავს. რეალურად აქ ყოველთვის ორი მიმართულებით ვმუშაობთ: ერთი არის, ძირითადი მიზანი, რაც არის ეროვნული ნაკრებისთვის მოვამზადოთ ფეხბურთელები. მეორე მიმართულებაა სპორტული შედეგი. ეს არის რთული სამუშაო, რადგან ყოველ ორ წელში გყავს ახალი გუნდი, რომელიც ძალიან სწრაფად უნდა მოამზადო. ეს ყველაფერს ართულებს, რთული იყო ისიც, რომ ზედიზედ ორჯერ ევროპის ჩემპიონატზე ვიყავით, ახლა თუ ვერ გავალთ, ეს არ ნიშნავს, რომ ყურები უნდა ჩამოვყაროთ. რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს სურვილი, რომ ხვალინდელ შეხვედრაში მივაღწიოთ შედეგს, რომელიც ყველას გვსურს.
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს დიდი ხანია 3 მცველით არ უთამაშია, კარგა ხანია 4 მცველით ვთამაშობთ, თუმცა, შეიძლება იყოს კონკრეტული მატჩები, რომელშიც შეიძლება 3 მცველს დავუბრუნდეთ, ეს ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული - მეტოქეზე, ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩვენს განკარგულებაში არიან. ანალოგიური მიდგომაა ეროვნულ ნაკრებშიც, არსებობს ერთი ძირითადი მიმართულები, ესაა გააზრებული და ნაფიქრი გადაწყვეტილება.
მოტივაციას რაც შეეხება, რა უნდა იყოს ფეხბურთელზე იმაზე კარგი, როცა ასეთი დონის მეტოქესთან გიწევს თამაში. საკუთარი თავის წარმოჩენის უდიდესი სურვილი უნდა იყოს და დიდი შანსია, რომ მათ გამოაჩინონ თავიანთი თავი, როცა ინდივიდუალრად ახერხებ ამას, შემდეგ უფრო ადვილია გუნდურად თამაშიც", - თქვა სვანაძემ.
პრესკნფერენციაზე იყო ნიკოლოზ დადიანიც, რომელმაც კომენტარი გააკეთა:
„საქართველოს ჩემპიონატში სათამაშო პრაქტიკის ქონის მიუხედავად, რთულია ასეთ დონეზე თამაში. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთთან პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ ბოლო წუთების გარდა, მაინც დაგვეტყო ფიზიკური ენერგიის ნაკლებობა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის ასეთ ტურნირზე თამაში და მივიღო გამოცდილება. საკმაოდ მნიშვნელოვანი თამაში გველოდება. ბევრი ფეხბურთელი ეროვნული ლიგიდან ვართ და გინდა არ გინდა, ტემპი მაინც განსხვავებულია, რასაც არ ვართ შეჩვეულები, რთულია შეგუება ამ ტემპთან.
გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. ყველას გააზრებული აქვს, რომ ძლიერ მეტოქესთან გვაქვს საქმე, მათ ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ჩვენთვის ეს უდიდესი მოტივაცია და საშუალებაა, რომ თუ რა შეგვიძლია. მათი ანალიზიც დავიწყეთ და ხვალ 100%-ით მზად ვიქნებით. მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარს, რადგან საბერძნეთში საოცარი გარემო შექმნეს, რაც არ შეიძლება არ დააფასო. აქაც იგივეს ველით, რომ მოვა ქართველი ხალხი და მხარს დაგვჭირეს, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ეტაპზე ძალიან გვჭირდება", - თქვა დადიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ოთხ ტურში მხოლოდ 5 ქულა აქვს და ჯგუფში მეოთხე ადგილზეა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გერმანიას 18 ნოემბერს, 21:00 საათზე დაუპირისპირდება.






