ფეხბურთი

23:31 | 13.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "ჩვენთვის ყველა ქულა მნიშვნელოვანია, სწორი მენტალიტეტი უნდა ვაჩვენოთ"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და ფეხბურთელებმა, დაჩი ლორთქიფანიძემ და გიორგი ტაბატაძემ, საბერძნეთთან მატჩის წინ ისაუბრეს.

ახალგაზრდული ნაკრები ათენში, საბერძნეთის 21-წლამდელებს ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით დაუპირისპირდება.

რამაზ სვანაძე: „შეკრებამ ნორმალურად ჩაიარა, რაც გვქონდა დაგეგმილი, ყველაფერი შესრულდა. ხვალინდელ თამაშს დიდი ინტერესით ველოდებით. ვიცით, თუ რა დონის გუნდთან გვაქვს თამაში, ჩვენი ჯგუფის ლიდერია, ძალიან კარგი გუნდია, ძალიან კარგი ფეხბურთელებით. რეალურად, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვის ვეთამაშებით, იმიტომ, რომ ჯგუფში ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ ჩვენთვის ყველა ქულა მნიშვნელოვანია, ამიტომ ვეცდებით, დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ. გვაქვს დანაკლისი, მოგვიწევს რამდენიმე ფეხბურთელის შეცვლა, თუმცა ეს შანსია ახალი ფეხბურთელებისთვის, რომ დაამტკიცონ თავიანთი შესაძლებლობები. მინდა, აღვნიშნო, რომ ეს ფეხბურთელები უკვე დიდი ხანია ჩვენთან არიან, მესამე შეკრებაა, მეოთხე მატჩს ვთამაშობთ, ამიტომ გუნდთან თავიდან ბოლომდე ადაპტირებული არიან. სიგუას და ნარიმანიძეს დანაკლისს ვერ ვუწოდებ, რადგან ისინი ეროვნულ ნაკრებში დაწინაურდნენ და რეალურად, ახალგაზრდული ნაკრების დანიშნულებაც ეს არის, რომ ის ჯაჭვი არ გაწყდეს, რაც ბოლო წლებში არსებობს, საოცარ ციფრებზე ვართ ასული. რა თქმა უნდა, იეგოიანი ჩვენთვის დიდი დანაკლისია, მაგრამ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც მას შეცვლიან. ერთადერთი, რასაც გუნდისგან ვითხოვ, ეს არის ის, რომ ჩვენი მენტალური მხარე იყოს სწორი და ჯანსაღი, როგორც ასეთი დონის თამაშებს შეეფერება“.

დაჩი ლორთქიფანიძე: „გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, მეტოქის თამაშები ვნახეთ, გავიარეთ. რთული მეტოქეა, მაგრამ ჩვენზე იქნება დამოკიდებული თამაშის შედეგი“.

გიორგი ტაბატაძე: „გუნდში განწყობა იდეალურია, საკმაოდ კარგად ვართ მომზადებულები. საბერძნეთი რთული მეტოქეა, მაგრამ ვეცდებით, სამი ქულა მოვიპოვოთ“.

შეგახსენებთ, საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი 14 ნოემბერს, 19:00 საათზე გაიმართება. ჯგუფში საბერძნეთი 9 ქულით ლიდერია, გერმანიას 6 ქულა აქვს, ხოლო საქართველო 5 ქულით მესამე ადგილს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09465