საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, დღეს ათენში, საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის მინდორზე პირველი ვარჯიში გამართა. ჩვენი გუნდი, საბერძნეთთან მატჩს 14 ნოემბერს, პანათინაიკოსის სტადიონზე - ლეოფოროსზე გამართავს. 19:00 საათზე, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ახალგაზრდული ნაკრები, მიმდინარე შეკრებას დანაკლისით შეხვდება, ნიდერლანდებში მოთამაშე ექსელსიორის ნახევარმცველი - ირაკლი ეგოიანი შეკრებას ტრავმის გამო გამოტოვებს. მიმდინარე შეკრების და საბერძნეთთან მატჩის შესახებ გუნდის წევრებმა - ნიკოლოზ დადიანმა და საბა ხარებაშვილმა ისაუბრეს.
ნიკოლოზ დადიანი: „ვემზადებით ამ მატჩებისთვის. თითოეულ ფეხბურთელს გათვითცნობიერებული აქვს, რომ საკმაოდ ძლიერ ნაკრებებთან გვიწევს თამაში, მაგრამ ჩემი აზრით, ეს უფრო დიდი მოტივაცია და შესაძლებლობაა, რომ წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი და ქვეყანა. ვსწავლობთ მათ დადებით და უარყოფით მხარეებს. იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი შეკრება გამოვა და შემდეგ უკვე გერმანიასთან მატჩისთვის გადავერთვებით“.
საბა ხარებაშვილი: „დავიწყეთ მომზადება ორი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მომზადება. თითოეულ ჩვენგანს გაანალიზებული აქვს, როგორი მნიშვნელოვანი თამაშები გველოდება. მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეკრება იყოს ნაყოფიერი. ჯგუფის პირველ ადგილოსანს ვხვდებით და ეს დამატებითი მოტივაციაა, რომ ჩვენი შესაძლებლობები და ძალა გამოვაჩინოთ“.
3 ტურის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩვი ციკლის ჯგუფურ ეტაპზე, F ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 5 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება, გერმანია, რომელსაც 18 ნოემბერს მიხეილ მესხზე ვუმასპინძლებთ 6 ქულით მეორე ადგილს იკავებს, ხოლო ჩვენი მომდევნო მეტოქე - საბერძნეთი 9 ქულით ლიდერობს.
NAKREBI.GE






