საფრანგეთის ლიგა 1-ში „პარი სენ-ჟერმენმა“ ზედიზედ მეორედ ბოლო წუთზე მოიგო. ერთი კვირის წინ „ნიცასთან“, ახლა „ლიონთან“, ლუის ენრიკეს გუნდმა მარგად იწვალა, მაგრამ მიზანს მაინც მიაღწია.
ხვიჩა კვარაცხელიამ ერთი გოლი გაიტანა, რითაც ლიგა 1-ში დიდხნიანი მშრალი სერია შეწყვიტა.
ანგარიში 26-ე წუთზე უორენ ზაირ-ემერის გოლით გაიხსნა, რასაც ალფონსო მორეირამ ოთხ წუთში უპასუხა. თუმცა, 33-ე წუთზე ხვიჩამ დალაშქრა მეტოქის კარი, როცა მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში 2:1 გახადა.
ლიგა 1-ში კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში პირველად გაიტანა. ბოლოს ჩემპიონატში გასულ სეზონში, 17 მაისს გაეტანა და 176-დღიანი უგოლო სერია შეწყვიტა (ლიგა 1-ში).
„ლიონმა“ მეორე ტაიმის დასაწყისში ენლსი მეიტლანდ-ნაილსის გოლით გაათანაბრა და მერე მოსაგებად თამაში სცადა, რაც არ გამოუვიდა. 95-ე წუთზე კი სულაც გაუშვა, როცა ტანდაბალი ჟოაო ნევეშისგან თავით მიიღო გადამწყვეტი გოლი. პარიზელებმა 3:2 მოიგეს.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 14 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. კონკრეტულად ლიგა 1-ში მან 10 თამაშში პირველი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასიც აქვს.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ამ გოლით გახდა ქართველ ფეხბურთელებში ტოპლიგების ბომბარდირი: მან სერია A-სა და ლიგა 1-ში 33 გოლი გაიტანა დღემდე, რითაც გადაასწრო ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს, რომელთა აქტივში 32-32 გოლია.
„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ს 27 ქულით ლიდერობს, მხოლოდ ორი ქულით უსწრებს „მარსელსა“ და „ლანსს“, მომდევნო ტურში კი, 22 ნოემბერს, „ლე ავრს“ უმასპინძლებს.
„ლიონი“ – „პარი სენ-ჟერმენი“ 2:3 (1:2)
გოლები: 0:1 ზაირ-ემერი (26), 1:1 მორეირა (30), 1:2 კვარაცხელია (33), 2:2 მეიტლანდ-ნაილსი (50), 2:3 ნევეში (90)






