ფეხბურთი

10:24 | 9.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხავიერ მილეი და ფეხბურთი

26 ოქტომბერი ისტორიული დღე იყო არგენტინისა და სრულიად სამხრეთ ამერიკისთვის. არგენტინის კონგრესის შუალედურ არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ლიბერტარიანულმა პარტიამ გაიმარჯვა. არჩევნებში მილეის პარტია La Libertad Avanza-მ მთავარი ოპონენტი, პერონისტულ-კირშნერისტული კოალიცია Fuerza Patria თითქმის 9-პუნქტიანი სხვაობით დაამარცხა.

ამჟამად თუკი ვინმემ არგენტინაში პოპულარობით ლეო მესის შეიძლება გაუწიოს კონკურენცია, ეს სწორედ მილეი გახლავთ, რომელიც არგენტიინის გარეთ ბევრმა არ იცის, რომ ფეხბურთის თავგადამკვდარი გულშემატკივარია. არგენტინის პრეზიდენტს ფეხბურთისადმი განსაკუთრებული სიყვარული აქვს. „ვერცხლის ქვეყანაში“, სადაც ფეხბურთი თითქმის რელიგიაა, მილეი სიამაყით ამბობს, რომ ისევე როგორც სხვა მისი მილიონობით თანამემამულე, ისიც ამ თამაშით არის „შეპყრობილი“.

ხავიერ მილეი არასოდეს მალავდა, რომ „ბოკა ხუნიორსს“ გულშემატკივრობს. გუნდს, რომელიც არა მხოლოდ არგენტინაში, არამედ მთელ ლათინურ ამერიკაშია განსაკუთრებით პოპულარული. ეს მაშინ, როდესაც, რიგითი ადამიანებისგან განსხვავებით, არგენტინის ძლიერნი ამა ქვეყნისანი, როგორც წესი, „ბოკას“ მოსისხლე „რივერ პლეიტის“ ქომაგები არიან, რადგან „ბოკა“ მაინც ბოგანოთა საყვარელ გუნდად ითვლება და მაღალ წრეებში მავანნი მის ქომაგობას ერთგვარად უკადრისობენ კიდეც.

მილეის ნათქვამი აქვს, რომ მისთვის „ბოკა“ წარმოადგენს “პატიოსნებასა და ხალხურობას“, რაც ცხოვრებაშიც და ფეხბურთში ასე მნიშვნელოვანი რამაა. „ბოკა“ ხალხის გუნდია - იბრძვის ყველა თამაშში, მიუხედავად იმისა, შეუძლია თუ არა გამარჯვება“ - ამბობს მილეი ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში, სადაც ის „ბოკას“ ლეგენდარულ “ლა ბომბონერას“ სტადიონსაც განსაკუთრებული სიყვარულით ახსენებს.

მილეის სიყვარული არგენტინის ეროვნული ნაკრების მიმართ ისეთივე გრანდიოზულია, როგორც მისი გეგმები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და სოციალისტებთან ბრძოლის მიმართ. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, როდესაც ლიონელ მესიმ და კომპანიამ არგენტინას მსოფლიო თასი მოუტანეს, მილეიმ „ფეისბუქზე“ ამ გამარჯვებას „ქვეყნის სულიერი აღორძინება“ უწოდა და შემდეგ ინტერვიუში თქვა, რომ არგენტინის გაჩემპიონების შემდეგ მრავალი არგენტინელის მსგავსად ორი ღამე არ ეძინა და არაერთხელ უყურა არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებთა ფინალური შეხვედრის ჩანაწერს.

არგენტინის ეპატაჟური პრეზიდენტი ხშირად იყენებს საფეხბურთო მეტაფორებს თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური შინაარსის აზრების გადმოსაცემად. მაგალითად, ერთხელ თქვა: „ეკონომიკა ფეხბურთს ჰგავს - ან გაქვს გეგმა და დისციპლინა, ან უბრალოდ მარცხდები, როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყო“.

ხავიერ მილეი არგენტინელთა იმ თაობას განეკუთვნება, რომელთათვისაც ფეხბურთი მხოლოდ გართობა კი არა, ეროვნული იდენტობის ნაწილია. მის საუბარში ხშირად გაიგებთ მესის და მარადონას სახელებს, როგორც სიმბოლოებს არგენტინული სულისა და ამ ქვეყნის სამომავლო დიდი წარმატებების რწმენისა.

მილეისთვის ბურთის მწვანე მინდორზე გორება ძალიან ჰგავს ქვეყნის მართვას - არასდროს დანებდე! ვნებით, ბრძოლით და რწმენით ბოლო წუთამდე უნდა იბრძოლო და ყველაფერი შეიძლება შეცვალო!

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096997