სხვა

18:54 | 13.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

გია ნაცვლიშვილმა და ზვიად კორძაძემ სპორტული კლუბი დააფუძნეს

დღეს, 13 ოქტომბერს, სასტუმრო “თბილისი მერიოტში” სეოკის (საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი) ყოფილმა პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა და ცნობილმა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ახალი სასპორტო კლუბის “საგარეჯო ffsuper star”-ის შესახებ განაცხადება გააკეთეს და მასმედიისთვის პრესკონფერეცია გამართეს.

გია ნაცვლიშვილი: “ მე და ჩემმა მეგობარმა ზვიად კორძაძემ სასპორტო კლუბი “საგარეჯო ffsuper star”-ი დავაფუძნეთ. მასში გაწევრიანებული არიან პერსპექტიული სპორტსმენები, რომლებსაც კონტრაქტი 2016 წლამდე, კონკრეტულად კი რიო დე ჟანეიროს (ბრაზილია) ზაფხულის ოლიმპიადის ჩათვლით აქვთ გაფორმებული. კლუბი სპორტსმენებს ფულადი ჯილდოთი, ეკიპირებით, დაზღვევითა და სარეაბილიტაციო პირობებით უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ კლუბი “საგარეჯო” ადრეც იყო, რომელიც მთლიანად ძიუდოისტებით იყო დაკომპლექტებული, აქცენტი ამჯერადაც ძიუდოზე გვაქვს გაკეთებული, მაგრამ სხვა სახეობებსაც ვაერთიანებთ. ესენი არიან: ბატუტი, მშვილდოსნობა, კრივი, ფარიკაობა, მხატვრული ტანვარჯიში, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა.

წელს, პირველად, ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატი უმაღლეს და პირველ ლიგაში ჩატარდება. ჩვენ, როგორც ჩემპიონატის დებიუტანტები პირველ ლიგაში მოვხვდით. თუ გავითვალისწინებთ, რომ უმაღლესი ლიგის საგზურს 1-4 ადგილზე გასული გუნდები მიიღებენ, იმედი მაქვს მომავალ წელს უმაღლეს ლიგაში ვიასპარეზებთ. არის იდეა კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდეს, რომელსაც მივესალმები.

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კლუბის რამდენიმე წევრი, ევროპასა და მსოფლიოზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ოლიმპიური ჩემპიონი გახდება.

  • რატომ აირჩიეთ კლუბის ადგილსამყოფელად საგარეჯო და არა ქვეყნის დედაქალაქი?
  • მიმაჩნია, რომ სპორტი მხოლოდ ერთ ქალაქში არ უნდა იყოს თავმოყრილი. სასურველია იგი რეგიონებშიც განვითარდეს. სწორედ ამ მიზნით გავაკეთეთ აქცენტი რეგიონზე, კონკრეტულად კი საგარეჯოზე.
  • თქვენ განაცხადეთ, რომ სპორტსმენებთან კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადის დასრულებამდე გაქვთ გაფორმებული. აღნიშნული ოლიმპიადის დასრულების შემდეგ გააგრძელებს “საგარეჯო ffsuper star”-ი არსებობას?
  • რა თქმა უნდა. გააგრძელებს და კონტრაქტებს ახალ, პერსპექტიულ სპორტსმენებს გაუფორმებს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კლუბი მოგებაზე არ არის გათვლილი.
  • მაშინ რა მიზნით გახსენით კლუბი?
  • სპორტის სიყვარული მამოძრავებს, სხვა არაფერი.
  • სეოკის პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ ამჟამად რას საქმიანობთ?
  • არაფერს, ხანდახან სასამართლოში მიწევს სიარული...”

ზვიად კორძაძე: “ გია ჩემი მეგობარია, სპორტიც მიყვარს და თანამშრომლობასაც ამიტომ დავთანხმდი. ჩემი საქმე კლუბთან დაკავშირებული იურიდიული საკითხების მოგვარება იქნება...”

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13858