ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 18 წლის ვახტანგ ლოლუა ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალს დაეუფლა.
55 კგ წონით კატეგორიაში ლოლუამ ჩინელი ჰუოინ ში (9:1), რუმინელი დენის ფლორინ მიჰაი (3:2) და თურქი მუჰამეტ ემინ ჩაკირი (2:2) დაამარცხა. ის ფინალში ირანელ ფრაზად აჰმადი ბალოოტაკის შეხვდა.
შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა, თავიდან ქართველი იგებდა, შემდეგ ირანელი, მაგრამ ბოლო წუთის მიმდინარეობისას, ლოლუამ ზედიზედ 4 ქულა აიღო და საბოლოოდ, 9:7 გაიმარჯვა.
ამრიგად, 18 წლის ასაკში ვახტანგ ლოლუა მსოფლიოს ჩემპიონია. მან წელს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალის მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ მანამდე იასპარეზა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რომელმაც შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა.
20 სექტემბერს, კიდევ სამი მოჭიდავე ჩაერთვება ბრძოლაში: ლერი აბულაძე (63 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ) და ლაშა გობაძე (87 კგ), ხოლო ამირან შავაძე (60 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ.









