საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შარშან ევროპის ჩემპიონატის ძირითად ეტაპზე რომ არ გასულიყო, ალბათ, ზედმეტად შორსმიმავალ ოცნებას ვერც კი გავბედავდი და შესაბამისად, არც ეს წერილი დაიწერებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენმა გუნდმა ჯერ ევროპის ჩემპიონატამდე მიაღწია და იქ საერთოდ ჯგუფიდან გასვლა „გაბედა“, მეც გავბედავ და ხმამაღლა გამოვთქვამ სურვილს, რომ ეს თაობა მიღწეულზე არ უნდა გაჩერდეს და ყველა ქართველი ქომაგის უმთავრეს ოცნებას - საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას მისცეს რეალური არსებობის უფლება!
წუწუნი არ მიყვარს, მაგრამ ფაქტია, რომ შესარჩევ ეტაპებზე (მუნდიალის იქნება ეს თუ ევროპის ჩემპიონატის) ხშირად ისეთ ჯგუფში ვხვდებით, საიდანაც გასვლა ურთულესია. გამონაკლისი სამწუხაროდ არც ეს სამუნდიალე შესარჩევი ეტაპია, სადაც ბედის განგებით, ევროპის მოქმედი ჩემპიონი და ჩვენი მარადიული თავის ტკივილი ესპანეთის ნაკრები არ აგვცდა.
ამას გარდა, საკუთარ თავს და აღმავლობის გზაზე მყოფ თურქეთსაც უნდა ვაჯობოთ, რომელსაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველა ობიექტური მიზეზი გვერდით უნდა გადავდოთ და ურთულესი რამ შევძლოთ, რადგან ოთხი წლის შემდეგ ჩვენი გუნდი ადვილი შესაძლებელია სრულიად სხვანაირი იყოს და მუნდიალზე გასვლის მსგავს რთულ ამოცანებს საერთოდ ვერც შეეჭიდოს.
ოთხი წლის შემდეგ ჩვენი ნაკრების ძირითადი ბირთვის ფეხბურთელები და მთავარი ვარსკვლავები ოთხი წლით დაბერებულები იქნებიან, ნაკრების ვეტერან შემადგენლობას ფეხბურთისთვის თავი ექნებათ დანებებული და არანაირი გარანტია არსებობს, რომ ახლა რომ გვყავს, ასეთი თაობა უახლოეს მომავალში კიდევ გამოჩნდება.
საქართველო პატარა ქვეყანაა და რაოდენობრივად ფეხბურთსაც სათანადოდ ბევრი ადამიანი ვერ ითამაშებს. შესაბამისად, ბედის და ქართული ნიჭის საჩუქრები, რაც ახლა ხვიჩას, მამარდაშვილის, ჩაკვეტაძის, გიორგი მიქაუტაძის და სხვების სახით გვყავს, არავინ იცის, შემდგომში ასე ერთად და ხმაშეწყობილად რამდენი წლის შემდეგ გამოჩნდებიან და საერთოდ, თუ მოვესწრებით მსგავს შემადგენლობას.
ჩემი მთავარი სათქმელიც სწორედ ისაა, რომ სანამ ეს ბიჭები ახალგაზრდები, მოტივირებულები, გამარჯვებას დანატრებულები და უსაზღვროდ ნიჭიერები არიან, უნდა ვიხელთოთ დრო და შევძლოთ ერთი შეხედვით შეუძლებელიც კი, თორემ „ხვალ“ შეიძლება არც კი დადგეს, ან თუ დადგება ჩვენ იმ „ნათელ მომავალს“ ფიზიკურად ვერ მოვესწროთ.
გულწრფელად გეტყვით, რომ მე როგორც ერთ რიგით ქომაგს, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დიდი სურვილი მქონდა გუნდში ვილი სანიოლის ნაცვლად უფრო გამოცდილი და მაღალი დონის სპეციალისტი მოგვეყვანა, მუსიე ვილი კი, დიდი მადლობებითა და პატივისმიგებით გაგვეცილებინა ახალი თავგადასავლებისკენ მიმავალ გზაზე. სამწუხაროდ, ჩემი სურვილი სურვილად დარჩა და ფეხბურთის ფედერაციამ სანიოლთან კონტრაქტის გაგრძელება გადაწყვიტა და ახლა მოცემულობაა, რომ ჩვენს გუნდს კვლავ სანიოლი წვრთნის. რაკი ზედმეტ და არაფრისმომცემ პრეტენზიებს ვერიდები და ჯიუტად არ ვამბობ უარს ყველა ჩვენგანის დიდ ოცნებაზე (მუნდიალზე გასვლაზე), სანიოლს და ბიჭებს წარმატება და იღბლიანი ზურგის ქარი მინდა ვუსურვო.
2026 წლის მსოფლიოზე ნეტა მართლა გავაგოროთ ბურთი და დიდი სიამოვნებით ვაღიარებ რომ ვცდებოდი, როცა სხვა მწვრთნელის მოსვლა მინდოდა. მერწმუნეთ, ამის აღიარება არათუ არ გამიჭირდება, დიდ სიამოვნებასაც მომგვრის!









