ფეხბურთი

12:01 | 12.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლუკა ლოჩოშვილი II ბუნდესლიგის გუნდში გადავიდა

საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი „ნიურნბერგში“ ითამაშებს. ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ამჯერად გერმანულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ 27 წლის მცველმა ბავარიელებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით. ტრანსფერის სანაცვლოდ იტალიურმა „კრემონეზემ“ დაახლოებით ერთი მილიონი ევრო მიიღო. ლუკას 24-ნომრიანი მაისური გადასცეს.

ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 63 მატჩში თავი 1 გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა. გასული სეზონის მეორე ნახევარი მან იჯარით „სალერნიტანაში“ გაატარა, სადაც 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 27 წლის მცველს "დინამო თბილისში", "ჟილინასა" და "ვოლფსბგერშიც" აქვს ნათამაშები. საქართველოს ნაკრებში ლუკას აქტივში 23 მატჩი და 2 გოლია.

„ნიურნბერგი“ დიდი ისტორიის მქონე გერმანული კლუბია და გერმანიის ჩემპიონი 9-ჯერ გახდა, მაგრამ ბოლო დროს კრიზისი აქვს და II ბუნდესლიგაში გამოდის, სადაც გასულ სეზონში მეათე ადგილი დაიკავა. "ნიურნბერგს" ლეგენდარული ფეხბურთელი, მიროსლავ კლოზე წვრთნის. გერმანული გუნდი სეზონს 2 აგვისტოს, "ელვერსბერგთან" გასვლითი მატჩით დაიწყებს, რომელსაც II ბუნდესლიგის პირველ ტურში შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096933