მილანის „ინტერის“ კაპიტანმა ლაუტარო მარტინესმა მსოფლიოს ჩემპიონატზე „ფლუმინენსესთან“ მარცხისა (0:2) და ტურნირიდან გავარდნის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც არგენტინელმა ფორვარდმა თქვა, ვისაც „ინტერში“ დარჩენა არ სურს, უნდა წავიდეს, რადგან მას ტიტულების მოგება უნდა:
„რა თქმა უნდა, მტკივნეული წაგებაა, ეს იყო ბოლო მიზანი სეზონში. პირველ რიგში მე ვწუხვარ გუნდის გამო, წაგება არ გვინდოდა. აქ დარჩენა უნდა გინდოდეს, მიზნებისთვის ვიბრძვით. ვისაც დარჩენა არ სურს, უნდა წავიდეს. ბოლო დროს ბევრი რამ ვნახე, რაც არ მომეწონა. როგორც კაპიტანს, მინდა მიზნებისთვის ვიბრძოლო, ჩვენ მნიშვნელოვანი გუნდი ვართ. გამარჯვებების მოპოვება მინდა. ვისაც დარჩენა სურს, შეუძლია დარჩეს, ხოლო ვისაც არა - ნახვამდის.
მარტო ვერაფერს მივაღწევთ. მე ვარ პირველი პასუხისმგებელი, როგორც კაპიტანი. ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებს, მტკივნეული მარცხია. ახლა ცოტას დავისვენებთ, დამღლელი სეზონი იყო, ახალ ენერგიას და ძალას დავიბრუნებთ, რათა ახალი სეზონისთვის მზადება დავიწყოთ და „ინტერმა“ მნიშვნელოვანი მიზნებისთვის ბრძოლაში დაბრუნება შეძლოს“, - თქვა ლაუტარომ.
როგორც გაირკვა, „ინტერის“ კაპიტანი ჰაქან ჩალჰანოღლუს გულისხმობდა. ეს მას არ უთქვამს, მაგრამ თქვა კლუბის პრეზიდენტმა ჯუზეპე მაროტამ:
„ლაუტარომ არ თქვა, შესაბამისად მე ვიტყვი: ჩალჰანოღლუს გულისხმობდა. ამ ეტაპზე არ არსებობს პირობები ჩვენი გზების გასაყოფად, მაგრამ თუ ეს მოხდება, პრობლემების გარეშე გავაკეთებთ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ფეხბურთელს თუ დარჩენა არ სურს, უნდა წავიდეს, კარი ღიაა მათთვის, ვისაც წასვლა სურს“, - განაცხადა მაროტამ.
როგორც იტალიური მედია წერს, ჰაქან ჩალჰანოღლუს „ინტერიდან“ „გალათასარაიში“ გადასვლა სურს.
შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ 2024-2025 წლების სეზონი ისე დაასრულა, რომ ერთი ტიტულიც ვერ მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ტურნირზე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო.






