„ლივერპულის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ახალი ფორმატის გამო ფიფა გააკრიტიკა.
როგორც მან თქვა, ფეხბურთელებს დასვენებისთვის დრო არ აქვთ და ეს გიჟური რეჟიმი ტრავმების რაოდენობის გაზრდას გამოიწვევს. კლოპის აზრით, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ფეხბურთში ყველაზე ცუდი განხორციელებული იდეაა.
„ყველაზე ცუდი იდეაა, რაც ფეხბურთში ოდესმე განხორციელებულა, სიგიჟეა. მეშინია ტრავმების ისეთი ტალღის, რაც ფეხბურთში აქამდე არ გვინახავს. ფეხბურთელებისგან მოელიან, რომ ყველა თამაშს ისე ითამაშებენ, როგორც ფინალს, წელიწადში 70-75-ჯერ. ასე გაგრძელება არ შეიძლება. შესვენების გარეშე პროდუქტიც კარგავს ხარისხსს. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ორნახევარი კვირა მქონდა მოსამზადებელი ეტაპი მთელი გუნდის მონაწილეობით. შემდეგ მთელი სეზონი ყოველ სამ დღეში ვითამაშეთ, ეს არაადამიანურია.
მესმის, რომ კლუბისთვის ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ ფეხბურთელებს აღარ აქვთ დრო, რომ გამოჯანმრთელდნენ, არც ფიზიკურად და არც გონებრივად. გასულ წელს იყო კოპა ამერიკა და ევროპის ჩემპიონატი, წელს კლუბების მსოფლიოს ჩემპიონატი და მომავალ წელს მსოფლიოს ჩემპიონატი. როდის უნდა დაისვენონ? NBA-ს მოთამაშე ბევრს გამოიმუშავებს და წელიწადში ოთხი თვე ისვენებს. ვირჯილ ვან დეიკს არასდროს ჰქონია ასეთი შესვენება და არც ამდენი ხელფასი.
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ ჩვენი სპორტის ყოველდღიურ საქმიანობასთან რაიმე საერთო, რომლებიც ახლა იდეებს იგონებენ და არ ვფიქრობ, რომ ეს სწორია“, - თქვა კლოპმა.









