„ვალენსია“ ლა ლიგის 36-ე ტურში „ალავესთან“ დამარცხდა (0:1), მაგრამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დაასახელეს.
ესპანურ მედიაშიც ქართველი მეკარე გამოარჩიეს, მიუხედავად იმისა, რომ გადამწყვეტი პენალტი აიკიდა (ძალიან საკამათო გადაწყვეტილება მსაჯის მხრიდან) და ყვითელი ბარათიც მიიღო:
AS: „პირველ ტაიმში ის გუნდში საუკეთესო მოთამაშე იყო. მან შესანიშნავი სეივების წყალობით „ვალენსია“ რამდენიმე გოლის გაშვებისგან იხსნა. მეორე ტაიმში ისევ რამდენიმე შესანიშნავი სეივი გააკეთა, თუმცა პენალტი გაუშვა, რამაც „ალავესს“ მოაგებინა. უღიმღამო „ვალენსიაში“ გამორჩეული“.
Eldesmaruqe: „მან ოთხი დიდებული მოგერიება განახორციელა. პენალტის მიუხედავად, ის საუკეთესო იყო მოედანზე. მათ მამარდაშვილი მხოლოდ თერთმეტმეტრიანით დაამარცხეს“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 32 მატჩი აქვს ჩატარებული და 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა.
„ვალენსია“ 22 თებერვლის შემდეგ პირველად დამარცხდა (6 მოგება, 4 ფრე ამ პერიოდში) და 45 ქულით მე-11 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 18 მაისს, „ბილბაოს“ უმასპინძლებს.






