ჩემპიონთა ლიგის ფინალს, რომელშიც „ინტერი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ შეხვდებიან, რუმინელი არბიტრი, იშტვან კოვაჩი იმსაჯებს. ინფორმაცია უეფამ ოფიციალურად დაადასტურა.
კოვაჩის ასისტენტები იქნებიან მისი თანამემამულეები, მიჰაი მარიცა და ფერენც ტუნიოგი, ხოლო მე-4 მსაჯი პორტუგალიელი ჟოაო პედრო პინეირო გახლავთ. VAR-ის ოთახში რუმინელი კატალინ სორინ პოპა და ნიდერლანდელები, დენის ჰიგლერი და პაულუს ვან ბოეკელი იმუშავებენ.
40 წლის იშტვან კოვაჩმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 7 მატჩი იმსაჯა, მათ შორის, მერვედფინალი „ლივერპულსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის, რომელიც ფრანგულმა გუნდმა მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
კარიერაში მას ორჯერ აქვს ნამსაჯი ევროტურნირის ფინალი და ორჯერვე გამარჯვება იტალიურმა გუნდმა მოახერხა: 2022 წელს, კოვაჩი იყო კონფერენს ლიგის ფინალის, „რომა“ – „ფეიენოორდის“ მატჩის (1:0) მსაჯი, ხოლო 2024 წელს, ევროპა ლიგის ფინალი იმსაჯა, რომელშიც „ატალანტამ“ „ლევერკუზენი“ 3:0 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს, მიუნხენში გაიმართება.









