ფეხბურთი

22:39 | 29.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

სიმონე ინძაგი: "არ მგონია, ჩვენსა და "ბარსელონას" შორის დიდი განსხვავება იყოს"

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბარსელონასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, „ინტერსა“ და „ბარსელონას“ შორის დიდი სხვაობა არ არის:

„ოთხი წელია, რაც ეს ბიჭები რაღაც განსაკუთრებულს აკეთებენ და ბოლო კვირა ვერ წაშლის იმ შრომას, რაც აქამდე გავაკეთეთ. ბოლო სამ თამაშს ანალიზი გავუკეთეთ და უკეთ უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ აქ იმისთვის ვართ, რომ ყველა მიზნისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენ მოლოდინებზე მაღალი შედეგები გვაქვს.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წინ დიდი ენთუზიაზმია, ბედნიერები ვართ, რომ ასეთ მატჩს ვთამაშობთ, ალბათ, მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ. ტექნიკურად სუფთა თამაში დაგვჭირდება და თავგანწირვაც, როცა ეს საჭირო იქნება.

ტურამმა „ბაიერნთან“ მატჩის შემდეგ დღეს გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა. მის მდგომარეობას ხვალ შევაფასებთ. პავარის გარდა, სხვები ყველანი კარგად არიან. დარმიანი, ბისეკი და დე ვრეი მყავს, რომლებსაც პავარის შეცვლა შეუძლიათ.

ფლიკი დიდებული მწვრთნელია, დროთა განმავლობაში მან ძალიან შემტევი გუნდი ააშენა, მათ შეტევაში საოცარი სტატისტიკა აქვთ. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ არანაირი შიში არ გვაქვს. გვინდა, ეს ორი მატჩი ნამდვილი „ინტერივით“ ჩავატაროთ.

ცუდი კვირა გვქონდა, ვიცით, რომ უკეთ უნდა გვეთამაშა, მაგრამ ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად იხარჯებოდა. არ მგონია, რომ ჩვენსა და „ბარსელონას“ შორის დიდი განსხვავება იყოს. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც გამარჯვებისთვის იბრძვის. განწყობა განსხვავებულია, მაგრამ გუნდთან ერთად ბევრი ვიმუშავეთ ვიდეოზე, რათა შეცდომები გამოვასწოროთ.

იამალს უნიკალური ნიჭი აქვს, ის შესანიშნავად თამაშობს და გუნდის განკარგულებაშია. ხვალ ნამდვილად განსაკუთრებული მოთამაშე იქნება, ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი“, - თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „ინტერის“ მატჩი 30 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09927