ფეხბურთი

0:58 | 23.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტრიუმფალური "ატალანტა"!
"ატალანტამ" ევროპა ლიგა მოიგო, რაც მისთვის 1963 წლის შემდეგ პირველი ტიტულია

„ლევერკუზენმა“ 2023-2024 წლების სეზონში 51 მატჩი ისე ჩაატარა, რომ ერთხელაც არ დამარცხებულა, ამიტომაც, ევროპა ლიგის ფინალში გამოკვეთილი ფავორიტი იყო, თუმცა, ჩაბი ალონსოს გუნდი „ატალანტამ“ მიწაზე დაანარცხა.

ზოგადად, „ატალანტა“ არის გუნდი, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან წაგება შეუძლია, მაგრამ ასევე ნებისმიერთან გამარჯვება ძალუძს. მარტო ის რად ღირს, რომ მეოთხედფინალში, „ენფილდზე“ „ლივერპულს“ 3:0 მოუგო.

ჯან პიერო გასპერინის გუნდს 1963 წლის შემდეგ არაფერი მოეგო, სამწვრთნელო კარიერაში არც იტალიელ სპეციალისტს, რომელმაც 2019, 2021 და 2024 წლებში (ზუსტად 1 კვირის წინ) იტალიის თასის სამი ფინალი წააგო. გასპერინიმ „ატალანტა“ 2016 წლიდან სხვა სიმაღლეზე აიყვანა და სავსებით დაიმსახურა ტიტული.

რაც მთავარია, ბერგამოულმა გუნდმა „უძლეველ“ „ლევერკუზენს“ თამაშით აჯობა და უშუალოდ ფინალის მოგებაც დაიმსახურა. იტალიურმა კლუბმა, რომელიც სერია A-ში მეხუთე ადგილზეა, გერმანიის ჩემპიონი უშანსოდ დაამარცხა, ნამდვილად უშანსოდ, გადაუჭარბებლად!

მთელმა გუნდმა ფანტასტიკურად ითამაშა, მაგრამ ადემოლა ლუკმენი უბრალოდ შეუჩერებელი გახლდათ. ნიგერიელმა ფეხბურთელმა ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა, რასაც 26-ე წუთზე მეორე ბურთი მიაყოლა.

0:2 ჩამორჩენის მიუხედავად, ისევ მუსირებდა აზრი, რომ ჩაბი ალონსოს გუნდი არ წააგებდა, რადგან მსგავსი სიტუაციებიდან მიმდინარე სეზონში არაერთხელ გამოსულა, მაგრამ „ატალანტას“ აქამდე არ შეხვედრია.

ლომბარდიელებმა მეორე ტაიმშიც მშვიდად გააკეთეს თავიანთი საქმე, ხოლო 75-ე წუთზე ლუკმენმა კიდევ ერთი ფანტასტიკური გოლი შეაგდო და ჰეთ-თრიქი შეასრულა - კარიერაში პირველად! საერთოდაც, ის პირველი აფრიკელია, ვინც ევროტურნირის ფინალში ერთზე მეტი გოლი გაიტანა.

„ატალანტამ“ ისტორიაში პირველად მოიგო ევროპა ლიგა. ზოგადად, მას შემდეგ, რაც ამ ტურნირს ეს სახელი ეწოდა, იტალიურმა გუნდმა ის პირველად მოიგო. ბოლოს 1999 წელს, „პარმას“ ჰქონდა უეფას თასი მოგებული და 25-წლიანი პაუზის შემდეგ უეფას/ევროპა ლიგის თასი ისევ იტალიაში წავიდა.

„ატალანტამ“ 7 დღის წინ იტალიის თასის ფინალი „იუვენტუსთან“ წააგო და მეორე ფინალში შეცდომა არ დაუშვა.

„ატალანტამ“ და ჯან პიერო გასპერინიმ ეს ტიტული დაიმსახურეს.

„ატალანტა“ – „ლევერკუზენი“ 3:0 (2:0)

დუბლინი, „ავივა სთედიუმი“

„ატალანტა“ (3-4-3): მუსო; ჯიმსიტი, ჰეინი, კოლაშინაცი (სკალვინი 46); ძაპაკოსტა (ჰატებური 84), ედერსონი, კუპმაინერსი, რუჯერი (ტოლოი 90); დე კეტელარე (პაშალიჩი 57), სკამაკა (ტურე 84), ლუკმენი

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი

„ლევერკუზენი“ (3-4-1-2): კოვარი; სტანიშიჩი (ბონიფასი 46), ტაა, ტაპსობა; ფრიმპონგი (ტელა 81), ჯაკა, პალასიოსი (ანდრიხი 69), ინკაპიე; ვირტცი (შიკი 81); გრიმალდო (ჰლოჟეკი 69), ადლი

მწვრთნელი: ჩაბი ალონსო

გოლები: 1:0 ლუკმენი (12), 2:0 ლუკმენი (26), 3:0 ლუკმენი (75)

გაფრთხილება: ჯიმსიტი (22), სკამაკა (35), ძაპაკოსტა (60), კუპმაინერსი (70) - ვირტცი (35), ტაპსობა (67), ანდრიხი (73)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (7) – 9 (3) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: იშტვან კოვაში (რუმინეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114336