რაგბი

19:33 | 20.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის გუნდი პარიზში

საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის გუნდი თაგ-რაგბიში, 23-26 მაისს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში საერთაშორისო ტურნირს ითამაშებს.

სპეციალური ოლიმპიადის თაგ-რაგბის გუნდი დაახლოებით ორი თვის წინ შეიქმნა. ეს არის შერეული გუნდი, რომელშიც შშმ პირებთან ერთად, მოყვარული მორაგბეებიც თამაშობენ.

„საქართველოს სპეციალური ოლიმპიადა გაერთიანებულ (Unified) ტურნირებს სხვადასხვა სპორტის სახეობებში მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებს. ჩვენი მოძრაობის მიზანია, რომ სპორტის მეშვეობით მოხდეს სპეციალური საჭიროების მქონე და შშმ პირების ინტეგრირება საზოგადოებაში. პარალელურად, 1991 წლიდან დღემდე, სხვადასხვა სპორტის სახეობებში მონაწილეობას ვიღებთ საერთაშორისო ტურნირებში და ამ პერიოდში 67 ოქროს მედალი გვაქვს მოპოვებული“ – ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა გოცირელი.

2019 წელს მსოფლიოს სპეციალურმა ოლიმპიადამ თავის რიგებში უკონტაქტო, „თაგ-რაგბი“ მიიღო, რამაც გოცირელს საქართველოში ესოდენ წარმატებული და პოპულარული სპორტის სახეობის, რაგბის მიმართ ინტერესი გაუღრმავა და წლევანდელი ტურნირისთვის გუნდის შესაკრავად საქართველოს რაგბის კავშირს დაუკავშირდა.

„ლაშა გოცირელმა გვითხრა, რომ საფრანგეთში ტარდებოდა სპეციალური ოლიმპიადის გაერთიანებული ტურნირი თაგ-რაგბიში და იმისათვის, რომ საქართველო იქ რაგბითაც ყოფილიყო წარმოდგენილი მხარდაჭერა ჭირდებოდა. ჩვენ რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით ჩავერთეთ ამ საქმეში, გამოვყავით სავარჯიშო სივრცე, დავეხმარეთ ეკიპირებითა და საჭირო აღჭურვილობით, მწვრთნელებით და შშმ პირებმა მოყვარულ მორაგბეებთან ერთად დაიწყეს ვარჯიში“ – აღნიშნავს რაგბის კავშირის მოთამაშეთა კეთილდღეობის ადმინისტრატორი რობი კოტოვი:

„ორი თვის წინ სპეციალური ოლიმპიადის თაგ-რაგბიში გვქონდა საჩვენებელი თამაში, სადაც გუნდის წარდგენა მოხდა. ღონისძიებას, რომელიც სხვა სპორტის სახეობებსაც მოიცავდა ესწრებოდა აშშ-ს ელჩიც, რომელსაც ბორჯღალოსნების ხელმოწერილი კვართიც გადავეცით. 23 მაისს მივემგზავრებით საფრანგეთში, სადაც ‘რასინგ 92’-ის მოედანზე გაიმართება საერთაშორისო ტურნირი და იქ საქართველოც იქნება წარმოდგენილი. ეს არის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ავღნიშნოთ, რომ რაგბი ყველას სპორტია“.

საფრანგეთში 9 მოთამაშე მიემგზავრება, საიდანაც 5 შშმ პირია, 4 კი მოყვარული მორაგბე. ტურნირში 6 ქვეყნის 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

გუშინ თბილისის ‘ლოკომოტივის’ ბაზაზე ჩვენმა გუნდმა გამგზავრების წინ ბოლო ვარჯიში გამართა და ‘ არაგველებისა’ და ‘დევების’ სამოყვარულო გუნდებთან თამაშები გამართა. ვარჯიშს ვეტერანი ბორჯღალოსნები – მამუკა გორგოძე, ლაშა ხმალაძე და ნონო ანდღულაძე ესწრებოდნენ, რომლებმაც მოთამაშეებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და წარმატებები უსურვეს.

„რაგბის კავშირთან ერთად პირველი ნაბიჯი 2 თვის წინ გადავდგით და მას შემდეგ ყველა მხარში გვიდგას. ისინი თავად გამოთქვამენ ჩართულობის სურვილს, რისთვისაც ყველა მათგანს დიდ მადლობას ვუხდი. ბოლო ვარჯიშმა დაგვანახა, რომ ინტეგრირების პროცესი კარგად მიდის და დარწმუნებული ვარ მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება. ეს ურთიერთობა ანგრევს სტერეოტიპებს. ფაქტია, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ამ გზას მომავალშიც გავაგრძელებთ. გვაქვს იმედი, რომ უახლოეს მომავალში მსგავს საერთაშორისო ტურნირს საქართველოშიც ჩავატარებთ“ – განაცხადა გოცირელმა.

ჩვენს გუნდს სანდრო ლომთაძე წვრთნის, რომელიც გუნდის მომზადებით კმაყოფილია:

„რეალურად, ეს იყო ჩვენი მეექვსე ვარჯიში. ამ ბიჭების უმეტესობამ რაგბის ბურთი ხელში პირველად 6 ვარჯიშის წინ დაიჭირა, დღეს კი გამოჩნდა, რომ ბევრი რამ უკვე კარგად გამოსდით. ჩვენთვის მთავარია, რომ ეს ადამიანები ვაზიაროთ რაგბის ღირებულებებს და მოხდეს ინტეგრირება. პირველი ეტაპი წარმატებით გადავლახეთ და იმედი მაქვს სამომავლოდ მეტი წინსვლა გვექნება“.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122361