ფეხბურთი

1:05 | 9.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზღაპრული ქამბექი: "რეალი" ფინალში ხოსელუმ გაიყვანა
ნოიერის შეცდომა "ბაიერნს" ძვირად დაუჯდა

ევროპული ფეხბურთის კლასიკა „რეალი“ – „ბაიერნია“, ყოველგვარი კამათის და კითხვის ნიშნების გარეშე. ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე 28-ედ შეხვდნენ და მორიგი საოცარი დაპირისპირება შედგა, რომელზეც დიდხანს ისაუბრებენ.

„ბაიერნმა“ სეზონი ჩააგდო: ჯერ გერმანიის სუპერთასი წააგო, მერე 11-წლიანი ჰეგემონია დაკარგა ბუნდესლიგაში და ჩემპიონი ვერ გახდა, გერმანიის თასიდან მე-3 ბუნდესლიგის გუნდმა გააგდო. ამრიგად, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებაღა ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არაფერი გამოუვიდა.

არადა, „ბაიერნი“ ძალიან, ძალიან, ძალიან ახლოს იყო ფინალთან. 2012 წლის მერე „რეკორდმაისტერს“ „რეალი“ არ დაუმარცხებია და ზედიზედ მესამედ ვერ დაძლია მისი წინაღობა პლეი-ოფში (2014, 2018, 2024). „ბაიერნის“ წინააღმდეგ არასდროს დამარცხებულა კარლო ანჩელოტიც - 7 მოგება, 3 ფრე.

მიუნხენში 2:2-ის შემდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალი“ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ დიდებულად ირჯებოდა მანუელ ნოიერი, რომელმაც ორჯერ საოცრად ითამაშა. 68-ე წუთზე კი, მიუნხენური გრანდი სულაც დაწინაურდა - ალფონსო დევისის დიდებული გოლით.

ამის შემდეგ თომას ტუხელის გუნდს ძალიან კარგი 2-3 შანსი ჰქონდა, რომ მეორე ბურთი გაეტანა და ყოველგვარი ინტრიგა მოეკლა, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენა. მიუხედავად ამისა, თითქოს, „ბაიერნს“ უნდა მიეყვანა საქმე გამარჯვებამდე, რადგან „რეალს“ თამაში აშკარად აღარ მისდიოდა.

თუმცა, „სამეფო კლუბს“ მოულოდნელი გმირი გამოუჩნდა - ხოსელუ! ესპანელი ფორვარდი კარლო ანჩელოტიმ თამაშში 81-ე წუთზე ჩართო და მან დუბლი შეასრულა! ანგარიში 88-ე წუთზე გათანაბრდა, რაც ნოიერის უხეში შეცდომის დამსახურებაა: გერმანელმა მეკარემ ვინისიუსის არცთუ კარგი დარტყმა ხელში ვერ შეიმაგრა და ხოსელუმ ზუსტად დაამატა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე კი, „რეალის“ მოულოდნელმა გმირმა უკვე ცარიელ კარში გაიტანა. გოლი თავიდან გაუქმდა, მაგრამ თამაშგარე არ იყო, რაც VAR-ზეც გამოჩნდა და გოლი ჩაითვალა!

ბოლოს სკანდალური მომენტიც იყო: ბავარიელებმა გოლი გაიტანეს, მაგრამ მსაჯმა დარტყმამდე გააჩერა თამაში - თამაშგარე დააფიქსირეს. თუმცა, იყო თუ არა, ოფსაიდი, ძალიან საკამათოა, ფაქტია, რომ მატაის დე ლიხტის გოლი არ ჩაითვალა.

„რეალმა“ 2:1 მოიგო, ორი მატჩის ჯამში 4:3 და ისევ ფინალშია. აქვე ვთქვათ, რომ ეს გუნდები კონკრეტულად ნახევარფინალურ დუელში მერვედ დაუპირისპირდნენ და თანაფარდობაა: 4-ჯერ ფინალში „რეალი“ გავიდა, 4-ჯერ - „ბაიერნი“. აღსანიშნავია, რომ ეს სტატისტიკა გერმანელთა სასარგებლოდ იყო (4:1), მაგრამ ბოლო სამი ნახევარფინალური დაპირისპირება ესპანელებმა მოიგეს 2014, 2018 და 2024 წლებში.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1-ელ ივნისს, ლონდონში, „უემბლიზე“ გაიმართება, „რეალის“ მეტოქე „დორტმუნდი“ იქნება.

ბოლოს, კარლო ანჩელოტიზეც: მან ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა მეექვსედ შეძლო, რაც ცხადია - რეკორდია.

„რეალი“ – „ბაიერნი“ 2:1 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 4:3

მადრიდი, სანტიაგო ბერნაბეუ“

„რეალი“ (4-3-1-2): ლუნინი; კარვახალი, რიუდიგერი, ნაჩო, მენდი; ვალვერდე (ხოსელუ 81), კროოსი (მოდრიჩი 69), ჩუამენი (კამავინგა 70); ბელინგემი; როდრიგო (დიასი 81), ვინისიუსი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; კიმიხი, დე ლიხტი, დაიერი, მაზრაუი; ლაიმერი, პავლოვიჩი; სანე (კიმი 76), მუსიალა (მიულერი 85), გნაბრი (დევისი 27); კეინი (ჩუპო-მოტინგი 85)

მწვრთნელი: თომას ტუხელი

გოლები: 0:1 დევისი (68), 1:1 ხოსელუ (88), 2:1 ხოსელუ (90)

გაფრთხილება: კამავინგა (90) - ტუხელი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (7) – 8 (5) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 8:4 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.077204