სხვა

15:48 | 30.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

სუვერენული ქვეყნის სპორტული ამბები

მოგესალმებით ქართული, ეროვნული, პატრიოტული და სუვერენული სპორტის მოყვარულო ქალებო და მამაკაცებო, მდედრებო და მამრებო, ერთსქესიანებო და ჰეტეროსექსუალებო.

აი, დადგა კიდევ ერთი ლაღი და ლამაზი დღე, როდესაც საქართველოს სუვერენულ ცაზე ამობრწყინდა სუვერენული მზე და ყოველგვარი ცისარტყელებისა და დასავლეთიდან შემოგდებული გამრყვნელი ფერადოვნების გარეშე გააჩახჩახა ჩვენი უზადოდ მოვლილი ქალაქები და სოფლები, სტადიონები და დარბაზები, მოედნები და იპოდრომები.

გაგაცნობთ ცაფირუზხმელეთზურმოხტოვანი ქვეყნის სპორტულ ამბებს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორია ნატურალური ფერადი ჩურჩხელების მწარმოებელი ეროვნულ-პატრიოტული საწარმო „როდინა“.

დღეს ჩვენი მოძმე რუსეთის უმშვენიერეს ქალაქ ნიჟნი-ტაგილში დასრულდა სუვერენულ სახელმწიფოთა ძმური თამაშები ჰეტეროსექსუალ ათლეტთა შორის, სადაც მჭექარედ იასპარეზა საქართველოს სსერ (სუვერენული, სამართლიანი, ეროვნული) რესპუბლიკის სამბოს ნაკრებმა, რომელმაც რუსეთისა და ბელორუსის გუნდების შემდეგდაიკავა მესამე საპატიო ადგილი და ტოლი არ დაუდო აფხაზეთის, ნაურუს, ვენესუელისა და ერთიანი ოსეთის ეროვნულ გუნდებს.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც დასავლეთის კაპიტალისტურმა, იმპერიულმა სახელმწიფოებმა ჩამოიხსნეს ნიღაბი და საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობიდან გარიცხეს ჭეშმარიტად სუვერენული სახელმწიფოები, ძმური თამაშები გახდა სპორტის უდიდესი ზეიმი და ხალხთა დამეგობრების უცვლელი ასპარეზი, სადაც არც მონაწილეობაა მთავარი და არც გამარჯვება. მთავარია არ ვიყოთ მასონი, ლესბოსელი, გეი, „არასამთავრობო“, აგენტი და დანარჩენი უკვე უფლის ხელშია!

ძმური თამაშების დასრულების შემდეგ ნიჟნი-ტაგილის ივან გროზნის სახელობის სკვერში საზეიმოდ დაიდგა ყოველ ხალხთა დიდი მეგობრის, ჭეშმარიტი ვაჟაცისა და სწორუპოვარი ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ქანდაკება წარწერით: „მადლობა მარად უკვდავო ვოვა, რომ იცხოვრე!“. ქანდაკების გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ქართული სპორტული დელეგაციის ხელმძღვანელი, ბორის მკადრებელიძე და ცრემლმორეულმა ისაუბრა ვლადიმერ ვლადიმერის ძის დიდ ღვაწლზე მშვიდობისმოყვარე ხალხთა სუვერენიტეტის გამყარების საქმეში.

გუშინ, გიორგი ჯიქიას სახელობის თბილისის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა „რწმენის ლიგის“ ღია ჩემპიონატის კალენდარული მატჩი ოსტატ ფეხბურთელებს შორის.თბილისის „ცეესკასა“ და მოსკოვის „არმატას“ შეხვედრა ერთობ თვალსასეირო გამოდგა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით, თუმცა მაინც დიდი ძმის კარნახით მიმდინარეობდა. საბოლოოდ იპირველა ძმობამ და გამარჯვება მოსკოველებმა მოიპოვეს ანგარიშით 3:0. თბილისელმა ფეხბურელებმა ეს დიდი გამარჯვება მოულოცეს მოსკოველ მობურთალებს და წარმატებები უსურვეს როგორც სპორტულ კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

ნოვა მასკოვსკაიაში (ყოფილი ბათუმი) დასრულდა პირველობა პლაჟის ფრენბურთში ჰეტეროსექსუალ გოგონათა შორის. გამარჯვება არავის დაუთმეს ვლადიმიროვსკელმა (ყოფილი მარიუპოლი) ასულებმა - ქსენია პავლოვამ და ნადია პრასტიტენკომ, რომლებსაც კუთვნილი მედლები ნოვა მასკოვსკაიას მერმა, იგორ პავლოვმა გადასცა.

მას შემდეგ, რაც საქართველოს სსერ რესპუბლიკის საკალათბურთო ნაკრები დასავლეთმა მოისყიდა და კალათბურთელებმა უარი განაცხადეს მხოლოდ სუვერენულ ქვეყნებთან თამაშზე და ვერ განაგდეს ძველი წეს-ჩვეულება - ეთამაშათ აშშ-სა და ევროპის კაპიტალისტური ქვეყნების გუნდებთან, საქართველოს უნარიანმა ხელმძღვანელობამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და კალათბურთი როგორც არაქართული და ჩვენი ერისთვის უცხო მოვლენა ქვეყანაში საერთოდ გააუქმა, კალათბურის დარბაზები კი ქალაქკომების განკარგულებაში გადავიდა.

უკვე 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვა რუსეთთან სარაგბო მატჩებზე და ამ გზით ჩვენი ერთმორმწმუნე ძმების გაღიზიანებაზე. მართლაცდა რაოდენი უსამართლობის განცდა და გულისტკენა მოჰქონდა ჩვენს ასეთ ყოვლად თავხედურ, დაუფიქრებელ და ურცხვ/ურიცხვ გამარჯვებებს რუსი მორაგეებისა და რუსი ხალხისთვის და უფალმა უწყის, სადამდე შეიძლება გაგრძელებულიყო ეს უმსგავსობა! ზემოაღნიშნული ღირსსახსოვარი თარიღის აღსანიშნავად, საქართველოსა და რუსეთის რაგბის კავშირის გენერალურმა „სეკრეტარებმა“ კრასნოიარსკში ოცი ცალი სადგისით საზემოდ დაფუშეს ოვალური ბურთი.

როგორც იცით, ხვალ დიდი და ისტორიული დღეა! უკვე 17 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ავადსახსენებელმა უეფამ და ფიფამ თავისი ბინძური რიგებიდან ყველა ქართული კლუბი და ნაკრები მოკვეთა და ამით მოგვეცა საშუალება ქართული ფეხბურთი ახალ, სწორ და ნათელ გზაზე დამდგარიყო. საქართველოს ეროვნულ-პატრიოტულ-სუვერენული ხელისუფლება მოგვიწოდებს, რომ ხვალ „ჩაჩა პარკში“ (ყოფილი ევროპის მოედანი) ქუდზე კაცი და ქუსლზე ქალი გამოვიდეს და ერთად ვიზეიმოთ ეს ღირსსახსოვარი თარიღი. ბავშვებისთვის ჯამებით უფასოდ დარიგდება „სბორნაია სალიანკა“ და ნუგა კანფეტი.

ერთმორწმუნენო, ერთად ვიზეიმოთ ქვეყნის წინსვლა!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061365