ფეხბურთი

1:13 | 30.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის წითელი ბარათი, "ვალენსიამ" ლევანდოვსკი ვერ გააჩერა

ესპანეთის ლა ლიგის 33-ე ტურში „ვალენსია“ სტუმრად „ბარსელონასთან“ 2:4 დამარცხდა, გიორგი მამარდაშვილმა კი წითელი ბარათი მიიღო.

„ბარსა“ ფერმინ ლოპესის გოლით 22-ე წუთზე დაწინაურდა, რასაც მალევე უგო დურომ უპასუხა, ხოლო 38-ე წუთზე პეპელუმ პენალტით წინ გაიყვანა სტუმრები. სხვათა შორის, პენალტი „ვალენსიას“ ფეხბურთელმა მას შემდეგ მოიპოვა, რაც მამარდაშვილის შესანიშნავი პასით მეკარესთან პირისპირ დარჩა.

თუმცა, პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში გიორგიმ ტექნიკური შეცდომა დაუშვა: ბურთი მარტივ სიტუაციაში ცუდად გაიჩერა, წინ გაუვარდა, რის გამოც ლამინ იამალმა დაასწრო და ამას წითელი ბარათი მოჰყვა, რადგან საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა... ეს ქართველი მეკარის პირველი წითელი ბარათია ესპანურ კარიერაში. შესაბამისად, მომდევნო ტურის მატჩს გამოტოვებს.

მეორე ტაიმში „ვალენსიამ“ 10 ფეხბურთელით ვერ გაძლო და სამი უპასუხო გოლი გაუშვა, სამივე რობერტ ლევანდოვსკისგან - 4:2.

გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 33 მატჩში 35 გოლი აქვს გაშვებული, 12-ჯერ კი, კარი მშრალად შეინახა.

„ვალენსია“ 47 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში 5 მაისს, „ალავესს“ უმასპინძლებს, მაგრამ მამარდაშვილი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122495