ფეხბურთი

21:06 | 29.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიას დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს ფაქტორი ჩვენს მხარესაა"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბაიერნთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიას დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს ფაქტორი „რეალის“ მხარესაა.

„არ ვნერვიულობ იმაზე, თუ ამბობენ, რომ ფავორიტები ვართ. გვჯერა, რომ დავამარცხებთ გუნდს, რომელიც ჩემპიონატში არც ისე კარგად გამოვიდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე "არსენალი" დაამარცხა. ამ ტურნირზე ისტორიას დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს. მადრიდის რეალს ყოველთვის უფრთხიან, რადგან ყველამ იცის, რისი გაკეთება შეგვიძლია, ყველასგან ვგრძნობთ პატივისცემას.

ხვალ ახალი თამაშია, რომელსაც ახალი ისტორია ექნება. გვაქვს თავდაჯერება, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ვთამაშობთ. „ბაიერნს“ დიდ პატივს ვცემთ, მათ გამოაჩინეს ძალა და „არსენალთან“ მოიგეს, ეს არის კლუბი დიდი ისტორიით და დიდი გამოცდილებით.

„ბაიერნთან შეხვედრა ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა. მაქვს კარგი მოგონებები, როგორიცაა ბუნდესლიგის მოგება და მაქვს ცუდი მოგონებებიც, როგორიცაა გათავისუფლება, მაგრამ მთლიანობაში ეს შესანიშნავი გამოცდილება იყო, მიუნხენში ცხოვრებაც სასიამოვნო იყო.

ბენზემას გარეშე ჩვენ უფრო არაპროგნოზირებადი გავხდით, მაგრამ ბაიერნს ასევე ჰყავს შესანიშნავი თავდამსხმელი კეინის სახით, რომელმაც უამრავი გოლი გაიტანა, ასევე ჰყავს სანე, მუსიალა, გნაბრი: ორივე გუნდი ერთმანეთს ჰგავს, თუნდაც ისტორიით, შესანიშნავი თამაში იქნება.

დაცვაში კარგად ვთამაშობთ, გვაქვს ბალანსი და იმედი მაქვს, რომ ხვალაც ასე იქნება. ბაიერნი არ არის პროგნოზირებადი გუნდი, ის მაღალ პრესინგსაც იყენებს და დაბალ დაცვით ბლოკსაც, ძლიერია კონტრშეტევაზე და ისეთი ფენომენალური თავდამსხმელი ჰყავს, როგორიც კეინია“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „რეალის“ მატჩი 30 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.060956