რაგბი

11:27 | 22.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | 100-წუთიანი დრამა დიდ დიღომში და ‘ლელო’ ფინალში

დრამატულ წინასწარ ფინალში თბილისის ‘ლელო სარასენსმა’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ დამატებით დროში 22:19 სძლია და 28 აპრილს დიდ ფინალში ქუთაისის ‘აიას’ შეხვდება.

‘ყოჩებს’ თამაშის ძირითად დროში მოგება შეეძლო, მაგრამ სადგამიდან ბურთის ვარდნის გამო, თემურ ჭიჭინაძეს ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა და მატჩი დამატებით დროში გაგრძელდა, სადაც ერთადერთი ჯარიმა ვაჟა მიქაძემ გაიტანა და 2016 წლის შემდეგ პირველად, ‘ლელო’ ფინალში გაიყვანა.

შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ შესარჩევ ფინალში ქუთაისის ‘აიამ’ ‘ლელო’ დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“ 27:10 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. 2023/24 წლების სეზონის დიდი 10-ის ჩემპიონი 28 აპრილს „ავჭალაზე“, ‘აიასა’ და ‘ლელოს’ ჯახში გაირკვევა, ბოლნისის ‘ყოჩები’ კი მესამე ადგილს და ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა.

წინასწარ ფინალში რეგულარული სეზონის გამარჯვებული ‘ლელო’ მასპინძელი იყო, თუმცა თამაში სტუმრების უპირატესობით დაიწყო. ლაშა მალაღურაძეს არეკნი და რთული პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა, ანგარიში კი 23-ე წუთზე გაიხსნა. კარგი შეტევით ბოლნისელები მეტოქის 22-ში შევიდნენ, თემურ ჭიჭინაძემ ცრუმოძრაობით ორი მბოჭავი გააცურა, ხაზი გაჭრა და მისი ლელო მალაღურაძემ გარდასახა.

ამის შემდეგ ინიციატივას ‘ლელო’ დაეუფლა, რასაც იროდიონ ქუცნიაშვილის სინბინი მოყვა და ‘ლელომ’ რიცხობრივი უპირატესობა 37-ე წუთზე გამოიყენა. ხელდახელ შეტევისას ბურთი მარცხენა ფრთაზე ჩათამაშდა და საბა არჩვაძემ საპასუხო ლელო ალამთან გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო – 5:7.

შესვენების შემდეგ თამაში დიდ დიღმელთა შეტევებით განახლდა. გიორგი კურტანიძეს ორ ეპიზოდში ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, თუმცა მეორე შემთხვევაში ‘ლელომ’ მაინც შეძლო მიზნის მიღწევა – ზაურ კენჭაძემ რაქიდან შეუტია და ლელო გაიტანა, ირაკლი ყიასაშვილმა კი გარდასახა. მალე ყიასაშვილს ჯარიმა გაუცუდდა, რასაც ‘ყოჩების’ გააქტიურება მოყვა, ხელდახელ შეტევის შემდეგ ფრთაზე რომან მახათაძე გაიქცა, ბურთი ფეხით გადაკიდა, მას აკაკი მარშანია დაეუფლა და ბოჭვის მიუხედავად ლელოთი წონასწორობა აღადგინა – 12:12.

ამასობაში ‘ყოჩებმა’ ტრავმის გამო რამდენიმე მოთამაშე დაკარგა და მგეზავად გადასვლა ჭიჭინაძეს მოუწია, რამაც მათი თამაში არია. თავის მხრივ, ‘ლელომ’ თანმიმდევრული შეტევები გააგრძელა, ფორვარდების დარტყმით მეტოქის დაცვა მოქანცა და სანდრო ქოიავას პასის შემდეგ გიორგი ჩიქოვანმა ლელო გაიტანა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახა. ‘ლელომ’ შეტევები გააგრძელა და თითქოს გარდამტეხ ლელოსთანაც ახლოს იყო, მაგრამ ‘ყოჩების’ 22-ში ბურთი დაკარგა, სტუმრებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, გიორგი გამყრელიძემ დაახლოებით 60 მეტრი ირბინა და ლელოში ბურთი რანი ფხალაძეს შეაყოლა.

ჭიჭინაძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა და 77-ე წუთზე, ბოლნისელებმა შერკინებაში ჯარიმა მოიპოვეს, მაგრამ ქარმა სადგამიდან ბურთი ჩამოაგდო და კარის წინ დაახლოებით 30 მეტრიდან ჭიჭინაძის მიერ სიჩქარეში შესრულებული ჯარიმა მიზანს ასცდა, რამაც თამაში დამატებით დროში გადაიყვანა – 19:19.

პირველ, დამატებით 10 წუთში ‘ლელო’ სრულად დომინირებდა და გაწითლებულ დროზე კარიდან 40 მეტრში ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, რომელიც ვაჟა მიქაძემ ზუსტად შეასრულა. მასპინძლები მეორე დამატებით ტაიმშიც უკეთ გამოიყურებოდნენ, თუმცა მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე შეცდნენ და 5 მეტრში მეტოქის შერკინება მიიღეს. მაგრამ მასპინძლებმა შეძლეს ამ შეტევის მოგერიება, 22:19 გაიმარჯვეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110267