ფეხბურთი

3:10 | 16.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

რუბენ ბარახა: "გიორგი ბუდიმირს ბოლომდე დაელოდა და პენალტი მშვიდად არ დაარტყმევინა"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ „ოსასუნასთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ანტე ბუდიმირის პენალტზე ისაუბრა, რომელიც მისი აზრით, მსაჯს არ უნდა დაენიშნა.

„ღამურების“ თავკაცმა აღნიშნა, რომ მამარდაშვილმა ბუდიმირს პენალტის მშვიდად შესრულების საშუალება არ მისცა.

„არმგონია, რომ პენალტი იყო, ძალიან გავბრაზდებოდი გოლი რომ გაგვეშვა, მსაჯი ძალიან მკაცრი იყო, თუმცა, რაღაცების კონტროლი ჩვენ არ შეგვიძლია. გიორგი ბოლომდე დაელოდა ბუდიმირს, რადგან ის ყოველთვის აყოვნებს პენალტის შესრულებას და გიორგიმ მას მშვიდად დარტყმის საშუალება არ მისცა. როგორც წესი, ბუდიმირის დონის მოთამაშე ასეთ შეცდომებს არ უშვებს, მაგრამ გაგვიმართლა, რომ გიორგიმ ბურთის დაჭერა შეძლო“, - თქვა ბარახამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 31 მატჩში 32 გოლი აქვს გაშვებული და კარი მშრალად 12-ჯერ შეინახა. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი ტურია ის გოლს არ უშვებს, ამას თუ დავუმატებთ საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ ორ მატჩს, ბოლო 5 შეხვედრაა გოლი არ გაუშვია. ქართველ მეკარეს "ვალენსიაში" სულ 94 მატჩი აქვს ჩატარებული.

„ვალენსია“ 47 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში 20 აპრილს კი, „ბეტისს“ უმასპინძლებს, რომელსაც მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11914