ფეხბურთი

17:58 | 11.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას ინტერვიუ სერია A-ს არხზე: "ქართველები და ნეაპოლელები ერთმანეთს ჰგვანან" (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს ოფიციალურ არხზე გადაცემათა ციკლის Made In Italy-ს ახალი სერია გამოქვეყნდა, რომლის მთავარი გმირი ამჯერად ხვიჩა კვარაცხელიაა.

სერია A-მ ქართველ ფეხბურთელთან ინტერვიუ ჩაწერა, ხოლო შეხვედრა ნეაპოლში შედგა.

„სახლი ყოველდღე მენატრება, მაგრამ იტალიაშიც თავს სახლში ვგრძნობ, განსაკუთრებით ამ ქალაქში. აქ ფეხბურთისთვის ცხოვრობ, ხედავ, რომ ბედნიერები არიან, როცა ფეხბურთს უყურებენ და ეს წარმოუდგენელია. სხვაგან ასეთ რამეს ვერ ნახავ. მადლობელი ვარ იმისთვის, თუ როგორ მეპყრობიან გულშემატკივრები და იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ისინი ჩემდამი იჩენენ. ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია, ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. ათასწლეულების ისტორიის განმავლობაში ქალაქი ნეაპოლი ხელოვნების მუზეუმი გახდა და ყველას თბილად ხვდება, ვისაც სურს მისი მონახულება. ყოველთვის გამოირჩევა სტუმართმოყვარეობით.

ფეხბურთს ქუჩაში მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი, ყოველთვის, როცა სახლიდან გავდიოდი. ვარჯიშის შემდეგაც იქ ვთამაშობდი მეგობრებთან ერთად. პირველი ნაბიჯები ქუჩის ფეხბურთში გადავდგი და იქ გავიზარდე. ვფიქრობ, ეს ჩემს სტილშიც შესამჩნევია. ქუჩის ფეხბურთში ბურთს ბევრჯერ ეხები, გიყვარს ბურთთან შეხება და ახლა, როცა ნამდვილ სტადიონებზე ვთამაშობ, მაინც ვცდილობ ისე ვითამაშო, როგორც ქუჩაში. ასე რომ, ქუჩამ გამზარდა, როგორც ფეხბურთელი. მგონი 8 წლის ვიყავი, როცა პირველად საფეხბურთო გუნდში მოვხვდი. კარგი აკადემია იყო, შემდეგ 11 წლის ასაკში „დინამო თბილისის“ აკადემიაში გადავედი, იქ დაახლოებით 5 წელი გავატარე, შესანიშნავი აკადემიაა, კარგი ფეხბურთელები ჰყავთ და ვფიქრობ, რომ ბევრ მათგანს შეუძლია ძალიან მაღალ დონეზე თამაში. იქ ვცხოვრობდი და კლუბში ყველა ძალიან მეხმარებოდა.

ბავშვობაში სერია A-ს მატჩებს ვუყურებდი, ვიცოდი, რომ იტალიელი მცველები საუკეთესოები იყვნენ. საქართველოში იტალია პირველ რიგში ძლიერ მცველებთან ასოცირდება.

მარადონა ერთ-ერთი საუკეთესო იყო ფეხბურთის ისტორიაში. ვფიქრობ, სიგიჟეა, როცა ადამიანები ცდილობენ მასთან ჩემს შედარებას, მაგრამ ჩემთვის ეს რა თქმა უნდა, სასიამოვნოა და ძალიან ბედნიერი ვარ ამის გამო. მარადონას გუნდში თამაში ცხადია სასიამოვნოა და პატივია, იმავე კლუბის მაისური რომ მაცვია, საამაყოა. „ნაპოლიში“ გადასვლამდეც მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მარადონა საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ის მისი კუმირი იყო.

როდესაც ჩემი მშობლები ჩამოდიან, სტადიონზე ყოველთვის მიმყავს. ისინი ასევე ცდილობენ პიცის, პასტის და სხვა გემრიელი საკვების საჭმელად ქალაქში გავიდნენ. ძალიან მოსწონთ იტალიური სამზარეულო, რომელიც მსოფლიოში ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა. ერთადერთი, რაზეც პიცას გავცვლიდი, ეს არის ხაჭაპური და ხინკალი, ქართული კერძები. ვფიქრობ, ქართველები და ნეაპოლელები ერთმანეთს ძალია ჰგვანან, რადგან როცა რაღაცას ვაკეთებთ, ყოველთვის საუკეთესო შედეგის მიღება გვინდა. საქართველოშიც ფეხბურთი ძალიან უყვართ, როგორც ნეაპოლში. ნეაპოლს შესანიშნავი ხედები აქვს, ისევე, როგორც თბილისს, რომელიც ლამაზი ქალაქია.

სერია A-ში ყველა მეკარე ძალიან ძლიერია. ასე რომ, საუკეთესოდ უნდა იყო მომზადებული, მათ გოლი რომ გაუტანო. ფეხბურთი ადვილი არასდროსაა, ამიტომ ბევრს ვშრომობთ, რათა გავაუმჯობესოთ დარტყმა და გავხდეთ უკეთესი ფეხბურთელები. ნიჭი ასევე მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემი აზრით, თუ გაქვს ნიჭი და მძიმედ არ შრომობ, მაღალ დონეს ვერ მიაღწევ. თუ ბევრს მუშაობ, შენს მიზნებს მიაღწევ.

სკუდეტოს მოგება? სრული სიგიჟე იყო, რადგან არასოდეს მიფიქრია ამაზე, ჩემს ოცნებებშიც კი, რომ ერთ მშვენიერ დღეს იტალიის ჩემპიონი გავხდებოდი. არ მჯეროდა, რომ ეს მართლაც მოხდა, დიდებული შედეგია. შემდეგ ვფიქრობდი და ჩემს თავს ვეუბნებოდი: „ეს გავაკეთე“, ასე რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ იმ ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოვცემ.

გულშემატკივრები მოტივაციას მაძლევენ, რადგან როცა მათ ვნებას და გამარჯვების სურვილს, გინდა მათთვის მოიგო და ხანდახან ეს გჭირდება. ისინი გაძლევენ ენერგიას, რომელსაც სხვაგან ვერ იპოვი.

„იუვენტუსთან“ სტუმრად მოგების შემდეგ, ვიცოდით, რომ ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი იყო. როდესაც აეროპორტში დავბრუნდით, წარმოუდგენელი რამ ხდებოდა. ამ გრძნობას სიტყვებით ვერ გადმოვცემ, მთელი ქალაქი ქუჩებში იყო, ყველა გველოდა, ყვიროდნენ, მღეროდნენ. რაღაც წარმოუდგენელი იყო, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო.

როდესაც ერთხელ ტიტულს იგებ, კიდევ გინდა, რომ თავიდან გაიმარჯვო. ასე რომ, ყველა მატჩში მაქსიმუმს ვაკეთებ. ცხოვრებაში არაფერია ადვილი. პირველ სეზონში იტალიის ჩემპიონი გავხდი, აქ ბევრი რამ ვისწავლე, არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ ცხოვრებაში. ბევრი რამ ვისწავლე მოედნის მიღმა, ნეაპოლსა და ნეაპოლელებზე. ამ ქალაქის ნაწილად ყოფნა, მშვენიერი გამოცდილებაა და წასვლა თუ მომიწევს, მომენტარება“, - თქვა კვარაცხელიამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118746